ეკატერინე ტიკარაძე - იგეგმება სერვისების გადანაწილება სხვადასხვა საავადმყოფოზე, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს მომსახურების უწყვეტობა
იგეგმება სერვისების გადანაწილება სხვადასხვა საავადმყოფოზე, რათა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სერვისის უწყვეტობა საქართველოს გეოგრაფიულ ნებისმიერ ერთეულში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თავდაპირველად „კოვიდის“ მართვის პროცესში მხოლოდ მრავალპროფილური კლინიკები იყო ჩართული.
„ვინაიდან უკვე 30-ზე მეტი, 40-მდე კლინიკა გვაქვს ჩართული „კოვიდის“ მართვაში და ძირითადად ჩვენი გადაწყვეტილება ემყარებოდა მრავალპროფილური კლინიკების ჩართვას, და ვიცით, რომ „კოვიდის“ შემთხვევაში გართულებები გვაქვს სხვადასხვაგვარი, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, არჩევანი გაგვეკეთებინა მრავალპროფილურად მეტად მასშტაბურ, მოცულობით საავადმყოფოებზე. იგეგმება სერვისების გადანაწილება სხვადასხვა საავადმყოფოზე, რათა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სერვისის უწყვეტობა საქართველოს ნებისმიერ გეოგრაფიულ ერთეულში.
იმ ექიმებისთვისაც, რომლებიც დღეს ვერ აგრძელებენ თავიანთ საექიმო საქმიანობას, რადგან სადაც ისინი იკავებდნენ თავიანთ პოზიციებს სხვადასხვა მიმართულებით, ის საავადმყოფოები ჩართულია კოვიდპანდემიის მართვაში, იქნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ სხვა საავადმყოფოებში და შესაბამისი სერვისები უკვე მიეწოდოთ სხვა ლოკაციებზე.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო 15 რიცხვიდან გახსნის პორტალს. კლინიკებს მიეცემა საშუალება, რომ ნოზოლოგიები და ჩარევები, რომლებსაც დღემდე არ ახორციელებდნენ, შესაძლებელი გახდეს ამ მიმართულებით ჩართვა. შექმნილია კომისია, რომელიც დეტალურად გაივლის სერვისების უწყვეტობის კომპონენტში ზედამხედველობას. ასევე, იმ ფინანსური ანაზღაურების კომპონენტსაც, რომლის ფარგლებშიც მიეწოდებათ მოქალაქეებს ეს მომსახურება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.