ეკატერინე ტიკარაძე - ფონდი „ქართუს“ მხრიდან გადადგმულია კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი და ის 4 მლნ პირბადეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს
სამედიცინო პირბადეების ადგილობრივი წარმოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას იმ კუთხით, რაც გამოწვეული იყო მსოფლიოს მასშტაბით არსებული პირბადეების ზოგადი დეფიციტით, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრი დღეს საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის ქართული პირბადეების წარმოების პროცესის დაწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.
ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, ფონდმა „ქართუმ“ კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და ის 4 მლნ პირბადე, რომელსაც ფონდი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს, მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც ქვეყანას აქვს Covid 19-ის ინფექციიდან გამომდინარე.
„არ შეიძლება, არ აღინიშნოს „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ ფონდი დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო.
სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.