საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზღვარგარეთ მომუშავე ქართველ ექიმებს შეხვდა.
შეხვედრა პრაღაში, ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის ინიციატივით გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზაცია საქართველოში მედიცინის სფეროს განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 100-მდე ქართველმა ექიმმა და საქართველოდან ჩასულმა სტუდენტებმა.
შეხვედრაზე ახალი პროექტების შემუშავებასა და საქართველოში მცხოვრები სამედიცინო პერსონალის გადამზადების საკითხებზე ისაუბრეს. ექიმებმა სტუდენტებს ინოვაციური პროექტები გაუზიარეს, სტუდენტებმა კი თავიანთი ხედვები და ნამუშევრები წარადგინეს.
ეკატერინე ტიკარაძემ ევროპაში მცხოვრებ ქართველ ექიმებს სიტყვით მიმართა და სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი თავადაც საზღვარგარეთ გაატარა და კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ქართული დელეგაციის სხვა წევრები, ასევე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
ღონისძიება მომავალ წელს ამსტერდამში გაიმართება.