ეკატერინე ტიკარაძე ექიმებს კონფერენციების ონლაინ პლატფორმებზე ჩატარებისკენ მოუწოდებს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს.
პანდემიის გამო, მინისტრი ექიმებს კონფერენციების ონლაინ სივრცეში ჩატარებისკენ მოუწოდებს.
„მოგესალმებით ჩაქვის 21-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის დელეგატებს, ექიმებს, კოლეგებს. ამ სახის კონფერენციები ნამდვილად მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის, თანამედროვე მედიცინის მიღწევების გაზიარებისა და მათი ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვისთვის.
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და მსგავსი სახის კონფერენციები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის, თუ შესაძლებელია, ონლაინ პლატფორმაზე გადავიტანოთ.
მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიიის ონლაინ პლატფორმის რეჟიმში ჩატარება.
ჯანდაცვის სამინისტროც მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი ონლაინ პლატფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვის და მსგავსი სახის სხვა კონფერენციების მონაწილეებს.
პანდემიასთან ბრძოლისას ჩვენ, ექმიმებმა ყველა სხვა დარგის წარმომადგენელს,წესების დაცვაში მაგალითი უნდა მივცეთ.
წარმატებას ვუსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს და მივესალმები სამუშაო პროცესის გადატანას ონლაინ სივრცეში“, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.