ეკატერინე ტიკარაძე - ექიმები, რომლებიც საველე ჰოსპიტალში პაციენტებს მოემსახურებიან, არიან სრულად გადამზადებული, მათ აქვთ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა, რათა პაციენტებს უსაფრთხო მომსახურება გაუწიონ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დიღმის საველე ჰოსპიტალი დღეიდან უკვე მზად არის პაციენტების მისაღებად, თუმცა მაქსიმალურად ეცდებიან, ჯერჯერობით პაციენტების მართვა მოხდეს კლინიკებში.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი საველე ჰოსპიტლის დათვალიერების შემდეგ განუცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჟანგბადის ავზის მონტაჟი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.
მინისტრი განმარტავს, რომ ექიმებს საშუალება ექნებათ, მომსახურება გაუწიონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტებს.
„ამ ტერიტორიაზე მოთავსებულია ორი ხუთტონიანი ჟანგბადის ავზი, რომელზეც გავრცელდა არაერთი მედია შარჟი, თითქოს ისინი საფრთხეს წარმოადგენენ და გარკვეულ რისკებს შეიცავენ, მაგრამ გადამოწმებულია ეს ინფორმაცია, ამ ავზების მონტაჟი არანაირ რისკს არ შეიცავს. აქ ექიმებს საშუალება ექნებათ, მომსახურება გაუწიონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტებს, ვინაიდან მოწყობილია ინტენსიურის და რეანიმაციის ტიპის საწოლები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ის ექიმები, რომლებიც აქ გაუწევენ პაციენტებს მომსახურებას, არიან სრულად გადამზადებული და მათ გააჩნიათ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა, რათა გაუწიონ პაციენტებს უსაფრთხო მომსახურება, მათი ჯანმრთელობის რისკების ყველა გადაზღვევით. საველე ჰოსპიტალი დღეიდან უკვე მზად არის პაციენტების მისაღებად, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით, რომ არა საველე პორობებში გადმოვინაცლოთ, არამედ დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში და ყველა პაციენტმა მიიღოს ოპტიმალურად მომსახურება ჰოსპიტალურ სექტორში, რადგან ზუსტად ვიაზრებ, თუ რამხელა ემოციურ სტრესს წარმოადგენს ეს პაციენტისთვის, ვინაიდან საქართველოში მსგავსი ფორმატის ჰოსპიტალი არასდროს გაშლილი არ ყოფილა, იმ საომარ პირობებშიც კი, რომელიც საქართველოს არაერთხელ ჰქონია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.