ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდვითარება რთულდება, პრემიერის მეთაურობით ხვალ მოწვეულია კოვიდსაბჭო, რომელზეც დამატებით რეგულაციებს განვიხილავთ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრემიერის მოწვევით ხვალ სხდომა გაიმართება, რომელზეც დამატებით რეგულაციებზე იმსჯელებენ.
მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ რთულდება.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროსშრომითი ინსპექციის მხრიდან არის გამკაცრებული ღონისძიებები და ინტენსიური მონიტორინგი, ასევე გამკაცრდა დაჯარიმებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან შენარჩუნდეს მსგავსი მიდგომა, ასევე, ძალიან ნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, პირბადის გამოყნება, სოციალური დისტანციის დაცვა, რათა მოხდეს ინფექციის გავრცელების დროული შეკავება. დღეს გვქონდა 1 790 ინფიცირება, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ს აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. მნიშვნელოვანია, რომ ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით. ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდსაბჭო, სადაც განვიხილავთ იმ დამატებით რეგულაციებს და ღონისძიებებს, რომელიც იქნება ეფექტური და რომლის გამოყენებაც განხორციელდება. უქმე დღეებთან დაკავშირებით ასევე იმსჯელებს საბჭო, თუ რომელი ორგანიზაციები და რა მიმართულებები განაგრძობენ მუშაობას და რა მიმართულებებისთვის იქნება შეზღუდული სამუშაოს გაგრძელება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.