ეკატერინე ტიკარაძე - დღეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს სარესტორნო სივრცეები, სადაც ყველაზე ნაკლებადაა დაცული აუცილებელი პირობები
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს სარესტორნო სივრცეები, სადაც ყველაზე ნაკლებადაა დაცული აუცილებელი პირობები.
„მათი მხრიდან, ასევე, ყველაზე მეტად ხდება დარღვევა ყველა იმ პირობის, რომელი დათქმაც იყო თავდაპირველად, როცა მათ გახსნაზე იყო საუბარი. სხვა სექტორს ეს შეზღუდვები ამ ეტაპზე არ ეხება, ვინაიდან მათი მხრიდან მაქსიმალურად ხდება იმ ღონისძიებების დაცვა, რაც მოთხოვნილია ჯანდაცვის სმაინისტროდან, დაავადებათა კონტროლის, ასევე შრომითი ინსპექციის მხრიდან, ამ ეტაპისთვის ყველაზე მაღალი რისკის მქონედ განიხილებიან სწორედ ის დაწესებულებებები, სადაც იმართება სოციალური ღონისძიებები“, – განაცხადა ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
რაც შეეხება კითხვას, განცხადება, რომ სარესტორნო სივრცე ყველაზე მაღალ რისკს წარმოადგენს, ნიშნავს თუ არა, რომ გადაწყვეტილების შემთხვევაში, სწორედ ამ სფეროდან დაიწყება შეზღუდვები, ტიკარაძის განმარტებით, თავდაპირველად მიდგომა ინდივიდუალური იქნება იმის მიხედვით, თუ რომელი სექტორის მხრიდან არის ყველაზე მეტი დარღვევა.
„ჩვენ შევეცდებით, გავყოთ ეს ბიზნესი კეთილსინდისიერ მონაწილეებად და იმ მონაწილეებად, რომლებიც არ იცავენ ამ მოთხოვნებს, მიდგომა არ იქნება ერთგვაროვანი, რომ დაიხუროს ყველა, თუმცა გამოვავლენთ, რომელი სექტორის და სეგმენტის მხრიდან არის ყველაზე მეტი დარღვევა და ალბათ ინდივიდუალურად მივუდგებით თავდაპირველად, შემდეგ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი გვიჩვენებს, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება მსგავსი ლოკალური შეზღუდვები და ლოკალური მიდგომა, შემდეგ დამატებით ვიმსჯელებთ. დღეს ცოტა ნაადრევია ამაზე საუბარი. აღსრულების მექანიზმები, რომლებიც დავიწყეთ, ამ ეტაპისთვის დაკვირვების ფაზაშია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამოვავლინოთ, რამდენად მოგვცა ეფექტი ინფექციის გავრცელების მართვაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
#კოვიდ19 გაუარესებული ეპიდვითარება – სტუმრები: ეკატერინე ტიკარაძე, პაატა იმნაძე, ბიძინა კულუმბეგოვი