ეკატერინე ტიკარაძე - დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 5 000-ზე მეტი პირი, ხოლო ვაქცინირებულია 3 000-ზე მეტი ადამიანი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა.
მინისტრმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ახალციხეში ვაქცინაციისთვის რეგისტრირებული პირები უკვე აცრილი არიან და მათი რიცხვი გაიზრდება.
ამასთან, ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესში, პირველი სამი დღის განმავლობაში მოქალაქეების მეტად აქტივობის მოლოდინი არ ყოფილა.
„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მივყვებით გეგმას. 3 000 ადამიანი დღიურ რეჟიმში არის სამიზნე, რასთან დაკავშირებითაც ვმუშაობთ, მაგრამ ამ ეტაპისთვის ვერ ვხედავთ საგანგაშო კრიტიკულ მაჩვენებელს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიაზეც.
„რაც შეეხება სიანფორმაციო კამპანიას, ის ძირითადად ემყარება მტკიცებულებაზე დაყრდნობით ინფორმაციების მიწოდებას, რომელსაც ჩვენ ამ ეტაპისთვის ვახორციელებთ ჩვენი პროფესიონალების ხელმძღვანელობით, ასევე მნიშვნელოვანია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლაივ ჩართვები, სადაც დეტალურად საუბრობენ ვაქცინების რისკებისა და სარგებლის შეფასებასთან დაკავშირებით და ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით საინფორმაციო კამპანია სხვადასხვა სახეს შეიძენს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს ვაქცინაციის საბჭო დამატებით გადაწყვეტილებას მიიღებს ვაქცინაციის პროცესში შემდეგ ეტაპზე ჩასართავ პირებთან დაკავშირებით.
„ჩვენ დღეს შევკრებთ ვაქცინაციის საბჭოს, სადაც მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილბებს, როგორი იქნება სტრატეგია გაფართოებასთან დაკავშირებით, თუმცა დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 5 000-ზე მეტი პირი, ვაქცინირებულია 3 000-ზე მეტი ადამიანი. დღესდღეობით, ჩვენ ვაქცინაციის დანაკარგი არ გვქონია, ვინაიდან იმ პირებიდან, რომლებიც დარეგისტრირდნენ პორტალზე, ყველა გამოცხადდა აცრაზე და შესაბამისად, ჩაიტარეს აცრა. ჩვენმა ექიმებმა დეტალურად იციან, როგორ უნდა შეირჩეს და გადანაწილდეს დოზები, ისინი ყურადღებას აქცევენ, რომ არ იყოს დანაკარგი. საერთოდ, ითვლება, რომ ვაქცინაციის დანაკარგის დასაშვები დოზა არის 5 პროცენტი, ამ ეტაპზე ჩვენ სამ პროცენტსაც არ ვუახლოვდებით. აქედან გამომდინარე, ცალსახად მიიჩნევა, რომ ჩვენ არ გვაქვს დანაკარგი, რადგან ეს არის ნორმის ფარგლებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ასევე, ეკატერინე ტიკარაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პირბადის ტარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა დამოკიდებულია თითოეული ადამიანის მაღალ სოციალურ პასუხისგებლობაზე.
„ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნათლად ვნახეთ, თუ რა ეფექტის მომტანია პირბადე, ასევე რა რისკების წინაშე ვდგებით, როდესაც ინფექცია ვცელდება და არ ვიყენებთ პირბადეს. აქედან გამომდინარე, ინტენსიურად მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ გამოიყენონ პირბადე. ასევე, შრომითი ინსპექცია და საპატრულო პოლიცია მნიშვნელოვნად ადევნებენ თვალ- ყურს ყველა იმ პირს, რომელიც არ სარგებლობს პირბადით, მათ რიგ შემთხვევაში ეძლევათ გაფრთიხლება და განმეორების შეთმხვევაში, ეკისრებათ საჯარიმო სანქციები. საპატრულო პოლიცია ისევ ინტენსიურად აგრძელებს ამასთან დაკავშირებით მუშაობას. სამწუხაროდ, სტატისტიკა არ მაქვს, თუმცა მათი სამუშაო ისეთივე ეფექტურობით გრძელდება, როგორც – აქამდე“, – დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.