ეკატერინე ტიკარაძე - დეტალურად არის გაწერილი, სად მიემართება დონორი ორგანიზაციების და ბანკების მიერ გამოყოფილი სახსრები, პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყება უახლოეს დღეებში გამართავს იმ სტრატეგიის პრეზენტაციას, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი, სად მიემართება დონორი ორგანიზაციებისა და ბანკების მიერ გამოყოფილი სახსრები.
მისივე თქმით, სტრატეგია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისკენაა მიმართული.
„ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ძალიან კონკრეტული სტრატეგია, რომლის პრეზენტაციაც ჩვენი მხრიდან მოხდება უახლოეს დღეებში. დეტალურად არის გაწერილი, როგორი სტრატეგია იქნა დასახული და სად მიემართება ის სახსრები, რომლებიც ჩვენმა დონორმა ორგანიზაციებმა და ბანკებმა ჩვენთვის გამოყვეს.
რა თქმა უნდა, სტრატეგია მიმართულია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისკენ და გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა იყოს შეძენილი საკმარისი რაოდენობის, გარკვეული ვადის მოცულობით, როგორც „პისიარ“ ტესტები, ასევე სწრაფი ტესტები, პირადი დაცვის საშუალებები, ინფრასტრუქტურაზე გამოყოფილია კონკრეტული თანხები.
ასევე მნიშვნელოვანი თანხები არის გამოყოფილი საჭირო სასუნთქ აპარატებზე და მათ მოცულობაზე, რომელიც ერთობლივად განისაზღვრა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის შედეგად.
შექმნილი არის სპეციალური ჯგუფი, რომელიც მსოფლიო ბანკთან ერთად უწევს მონიტორინგს, ასევე ჩართული არის სპეციალური მექანიზმი, რისი საშუალებითაც, საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებს შემდეგ შესყიდვებს.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების მოლოდინი 10-ბალიანი სისტემის შემთხვევაში, 9 თვეში, ძალიან რთული განსასაზღვრი იქნება, ვინაიდან სისტემის მზაობა მაშინაც, როგორც ახლა, არის საკმაოდ რთული, ეს ყველაფერი დამოკიდებულია და დამყარებულია ოპერატიულ მენეჯმენტზე, რომელიც დღესდღეობით მთავრობის მხრიდან ხორციელდება. აქედან გამომდინარე, კეთილსაიმედო შედეგები გვაქვს, მაგრამ ეს შედეგები გეოგრაფიულ ჭრილში არ არის დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.