ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ყველა პაციენტმა ჰოსპიტალურ სექტორში იმკურნალოს, საველე ჰოსპიტლების გამოყენება ბოლო გამოსავალი იქნება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საველე ჰოსპიტლებისთვის რესურსი მობილიზებულია. მისივე თქმით, კოვიდპაციენტებისთვის საველე ჰოსპიტლების გამოყენება უკიდურეს შემთხვევაში მოხდება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ყველანაირად ეცდებიან, რომ მოქალაქეებს ჰოსპიტალურ სექტორში მოუწიოთ მკურნალობის გავლა.
„რაც შეეხება საველე ჰოსპიტლებს და მობილიზაციებს, ჩვენ გამოვაცხადეთ მზადყოფნა. შესაბამისი რესურსი არის მობილიზებული. რა თქმა უნდა, არაერთხელ ვაცხადებთ, რამდენად გვიჭირს უკვე რესურსის მობილიზება. ექიმებს აქვთ შესაფერისი კვალიფიკაცია, ისინი მზად არიან, რომ გაუწიონ პაციენტებს მომსახურება ამ ლოკაციებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იქნება ყველაზე ბოლო გამოსავალი, ყველაზე ბოლო წერტილი, როდესაც ჩვენ გამოვიყენებთ საველე ჰოსპიტლებს. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ყველა პაციენტმა კომფორტული და საჭირო მკურნალობა პირველ რიგში, მიიღოს ჰოსპიტალურ სექტორში. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ ეტაპისთვის დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.