ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი მოქალაქეები იქნებიან იმ სიკეთის მიმღები, რომელსაც იღებს ევროპელი მოქალაქე
სოციალური უფლებებისა და სოციალური მომსახურების მიწოდების პროცესის გაუმჯობესების, ასევე შრომითი უფლებების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის დახვეწის ხელშეწყობის მიზნით ევროპის საბჭო ახალ პროექტს „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ იწყებს. პროექტის ონლაინ პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დირექტორმა ქრისტოფ პუარელმა გახსნა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
„სახელმწიფომ უკანასკნელი წლების განმავლობაში რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და რეფორმები განახორციელა, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. თუმცა, თავიდანვე ცხადი იყო საჭირო იყო დამატებით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და მათი პრაქტიკაში განხორციელების უზრუნველყოფა. 2013 წლის ე.წ. პირველ ტალღას მოჰყვა 2019 წლის 19 თებერვალს ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა დამსაქმებლის ვალდებულება დაიცვას პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი და დაზუსტდა შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების ცნებები არსებულ კანონმდებლობაში და სხვა. ეს იყო პირველი ეტაპი სახელმწიფოს მხრიდან შეესრულებინა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რასაც გაგრძელება მოჰყვა და 2020 წლის 29 სექტემბერს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებმა მოიცვა შრომის სამართალს მიკუთვნებული ყველა დირექტივის მოთხოვნა. უკანასკნელი ცვლილებები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შრომით უფლებებს და ქმნის არა მხოლოდ საკანონდებლო დონეზე დაცვის არამედ სათანადოდ აღსრულების გარანტიებს. რაც გულისხმობს დამოუკიდებელი, აღმასრულებელი უწყების შრომის ინსპექციის შექმნას.
გარდა ამისა, საქართველო როგორც ევროპის სოციალური ქარტიის წევრი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ იბრძოლებს ეკონომიკური და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. საქართველოს მიერ ამჟამად რატიფიცირებულია ევროპის სოციალური ქარტიის 19 მუხლის 63 პუნქტი, რითაც სახელმწიფომ აიღო მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, უმაღლესი და პროფესიული განათლების,კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებთან და სხვა უფლებებთან.
ყველა ის მიმართულება, რასაც ევროპის საბჭოს ახალი პროექტი ისახავს მიზნად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის, ვინაიდან შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ამ პროცესის უაღრესად აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფო სისტემურად მიუდგა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს და ყოველდღიურად ძალიან აქტიური ნაბიჯებს დგამს შრომის უფლებების და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების განმტკიცების მიმართულებით. ბუნებრივია, ყოველივე აღნიშნული არ გვაძლევს მოდუნების და თვითკმაყოფილების საშუალებას, ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი და ამ პროცესს სჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოთ ქვეყანაში ღირსეულად და სათანადო დონეზე იყოს დაცული შრომის უფლებები და შეიქმნას უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო, რაც თავის მხრივ წარმოადგენს შრომის პროდუქტიულობის ამაღლების და ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების საფუძველს. შრომის პროდუქტიულობის ამაღლება და შესაბამისი გარემო ნამდვილად არის როგორც დასაქმებულების, ისე ბიზნესის კეთილდღეობის მყარი გარანტი.
ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველივე ამის პარალელურად გვაქვს საკმაოდ ამბიციური წამოწყება, რაც გულისხმობს სოციალური კოდექსის შემუშავებას საქართველოში და ამასთან მიმართებაში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის ქვეყნების და უცხოელი პარტნიორების ჩართულობით. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთთან მოვა ისეთ თანხვედრაში, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს ჩვენი მოქალაქეებს სრულ დაცულობას და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა იქნება უმაღლეს ხარისხში აყვანილი.
მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ აქტიური ჩართულობისთვის, თქვენი მხარდაჭერისთვის და ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ, დავაფიქსირო მზაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს თითოეული პუნქტის და საჭიროების დაახლოება ევროპულ კანონმდებლობასთან, ევროპული ოჯახის ხედვებთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს ყველაფერის ისე აღსრულებას, რომ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან იმ სიკეთის მიმღები, რომელსაც იღებს ევროპელი მოქალაქე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.