ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია იმ ჩინური კომპანიის ტესტები, რომლის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა
ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან (Shenzhen Bioeasy Technology), რომლის ტესტების ხარისხთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, საქართველომ ხელშეკრულება გააუქმა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მან განმარტა, რომ აღნიშნული კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში დღესდღეობით არ არის.
მინისტრის თქმით, კომპანიამ თავისი პროდუქცია ბაზრიდან თავად გაიწვია.
„ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ტესტებთან დაკავშირებით, ვიტყვი, რომ კომპანია ბიო ისმა (Shenzhen Bioeasy Technology), იქიდან გამომდინარე, რომ ის არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც იყო გაყიდული. საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, თუმცა დღეის მდგომარეობით, ჩვენ ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში შემოსული ყველა ტესტი დაკვირვებას გადის. მან განმარტა, რაში მდგომარეობს დაკვირვება.
„მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას. დაკვირვება მდგომარეობს შემდეგში: ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით და აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენს მოქალაქეებში და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მათ ფართო გამოკვლევისთვის. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მოხდეს მცდარი დიაგნოსტიკა“ , – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, კომპანიასთან Shenzhen Bioeasy Technology საქართველოს თანხაც არ გადაურიცხავს.
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა კომპანიასთანაც.
„თანხა არ გადარიცხულა ამ კომპანიაში. ხელშეკრულება არის ანულირებული. გვაქვს მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, რომელთანაც ვმუშაობთ იგივე სტრატეგიით. გამოგზავნილი იქნება პირველი სატესტო – 2000 ტესტი. იმ შემთხვევაში, თუ ტესტების მიმართ სანდოობა იქნება ჩვენი მხრიდანაც დამტკიცებული და მაღალი, შევიძენთ დამატებით რაოდენობას. ტესტების შერჩევა მიმდინარეობს ინფექციონისტების რეკომენდაციით, ლუგარის ლაბორატორიის რეკომენდაციით და ჩვენი საელჩოების სრული ჩართულობით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.