ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ არ გვეყოლება 20 000 გარდაცვლილი, ეს რიცხვი არც ერთ დათვლაში არასდროს მიგვიღია
ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, 20 000 გარდაცვლილი არ გვეყოლება და ეს რიცხვი ჩვენ არც ერთ დათვლაში არ მიგვიღია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „საუბრობენ, რომ აუცილებელია ლოკდაუნის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგალითად, იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 000-მდე გაიზრდება, მოხდება კოლაფსი და საერთო ჯამში, გარდაცვლილთა რიცხვი 20 000 იქნება, როგორ ფიქრობთ, მივიღებთ თუ არა ამ შედეგებს და აპირებთ თუ არა ლოკდაუნს“.
ამასთან, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, დღეს ექსპერტებთან შეხვედრა იგეგმება, რა დროსაც დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებენ.
„იცით, მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ყველა პროფესიონალთან, ეპიდემიოლოგთან და ექსპერტთან ერთად. დღეს ჩანიშნულია დამატებითი შეხვედრა ექსპერტებთან. შესაბამისად, ჩვენ მათთან ერთად გადავწყვეტთ იმ შემდეგ ღონისძიებებს, რომლებიც იქნება საჭირო. ამ ღონისძიებების შესახებ შეხვედრის შემდეგ მოგახსენებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.