ეკატერინე ტიკარაძე - ჩინეთიდან სპეცრეისით დღეს ორი ტიპის სწრაფ ტესტს მივიღებთ, ამ დროისთვის შერჩეულია მარნეული, სადაც მოსახლეობის გამოკვლევას დავიწყებთ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინეთიდან საქართველოში დღეს სპეცრეისი განხორციელდება და ქვეყანა ორი ტიპის სწრაფ ტესტს მიიღებს.
„დღეს ჩვენ ველოდებით სპეცრეისს, რომელიც განხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში და მივიღებთ ორი ტიპის სწრაფ ტესტს. ერთ-ერთი ტესტი იქნება იმის მსგავსი, რომელიც უკვე საქართველოში გვაქვს და უბრალოდ მოხდება ჩვენი მარაგების კიდევ დამატებით შევსება. მეორე ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას“ ,- განაცხადა ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწრაფ ტესტებს გამოიყენებენ იქ, სადაც ჩათვლიან, რომ ეპიდემიური აფეთქების რისკია.
მინისტრის განმარტებით, ასეთ ადგილად უკვე შერჩეულია მარნეული.
„შესაბამისად, ჩვენი გეგმა არის შემდეგი, რომ იქ, სადაც ჩვენ ვთვლით, რომ არის რისკი ეპიდემიური აფეთქების, დავიწყებთ იმ მოსახლეობის გამოკვლევას. ამ ეტაპისთვის ეს რეგიონი შერჩეული არის და არის მარნეულის რეგიონი, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შემდეგ ეფექტს, რომ მოხდება მარნეულში არა ეპიდემიის ისეთი სწრაფად გავრცელება, რომელიც ეს შესაძლებელი იქნებოდა ტესტის არ ქონის შემთხვევაში, არამედ რეგიონში ეპიდემიის გარკვეულწილად შეკავება და მისი დინამიკურობის გაკონტროლება“ ,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვებიდან გამომდინარე, ტესტების კომერციული მიზნით გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.
„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვყიდულობთ ახლა საკმაოდ დიდი რაოდენობის ტესტებს, ეტაპობრივად, ოთხ ეტაპად, როგორც ჩვენ დავაანონსეთ, მოხდება საქართველოში მათი შემოტანა და ეს არის სახელმწიფო შესყიდვები, ჩვენ არ ვთვლით, რომ ისინი უნდა იყოს გამოყენებული კომერციული მიზნით.
თუმცა, რა თქმა უნდა, გარდა ლუგარის ლაბორატორიისა, დღეს დღეობით ჩართული არის სხვადასხვა ლაბორატორიები. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ მეტად უფრო გავშალოთ სეგმენტი გეოგრაფიულად, გამოყენებული იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე მისი კომერციალიზაცია არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად“ ,- აღნიშნა ტიკარაძემ.
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე არ ადასტურებს ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში საკარანტინო ზონის მოწყობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.
„ჩვენი კლინიკების ჩამონათვალში არაა ისეთი პროფილური კლინიკები, როგორიც არის თქვენს მიერ ხსენებული კლინიკა. ამ ეტაპისთვის განსაზღვრული არის მეტად უფრო ფართო გაშლის და მრავლობითი საწოლების მქონე მრავალპროფილური კლინიკები, რომლებიც ჩვენ გვესაჭიროება. მათი ნუსხა გამოქვეყნდება ხვალ, რომელიც იქნება რეგიონულ ჭრილშიც განსაზღვრული და იქიდან გამოდმდინარე, თუ როგორი პერსპექტივა ექნება კოვიდის გავრცელებას და მატებას ეპიდემიოლოგიურად, ჩვენ მივიღებთ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას სხვადასხვა კლინიკაში უკვე ამ საწოლ-ფონდის გაშლისა, ამ ეტაპზე ეს კლინიკა ჩამონათვალში არ შედის“ ,- დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.