ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის მცხოვრებთან დაკავშირებით ტესტების არევა არ მომხდარა და ამჟამად კორონავირუსზე ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის მცხოვრებთან დაკავშირებით ტესტების არევა არ მომხდარა და ამჟამად კორონავირუსზე ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის მცხოვრებ მამაკაცთან დაკავშირებით ტესტების არევა არ მომხდარა და ამჟამად კორონავირუსზე ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

მან კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, საკარანტინო სივრცეში მყოფი ნინოწმინდის მცხოვრები პირის ანალიზის პასუხები აერიათ, სახლში გაუშვეს და ის კვლავ კოვიდინფიცირებულია.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამჟამად აღნიშნული პირი გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში და დიდი ალბათობით, მას კორონავირუსი არ აქვს.

„კვლევა მიმდინარეობს, ტესტების არევა არ მომხდარა. კარანტინში ორჯერ გაიტესტა და ახლა ხდება მისი განმეორებითი ტესტირება. გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, როცა მეორე იყო სუსტად დადებითი და ახლა ხდება მისი ჩაღრმავებული კვლევა. სისხლის გამოკვლევა მოხდება. ის ახლა გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში და ვფიქრობთ, რომ არაფერი განსაკუთრებული იქ არ იქნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, არ არის სწორი ინტერპრეტაცია, რომ მამაკაცის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ორი დღის შემდეგ გახდა ექიმებისთვის ცნობილი.

„არ არის სწორი ინტერპრეტაცია, რომ ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. ის იდენტიფიცირებული იყო, გარკვეულ შეუთანხმებლობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც ახლა ვიკვლევთ. დიდი ალბათობით, ეს ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. აიღებენ სისხლს, გამოიკვლევენ ანტისხეულებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ალბათობით, ჩვენ იქ ინფექცია არ გვაქვს“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.