ამირან გამყრელიძე - მოქალაქეებს შეუძლიათ, მივიდნენ პოლიკლინიკებში, განაცხადონ, რომ სიმპტომები აქვთ ან კონტაქტირებული იყვნენ და ტესტირება ჩაიტარონ
ამირან გამყრელიძე - მოქალაქეებს შეუძლიათ, მივიდნენ პოლიკლინიკებში, განაცხადონ, რომ სიმპტომები აქვთ ან კონტაქტირებული იყვნენ და ტესტირება ჩაიტარონ

მოქალაქეებს შეუძლიათ, თვითონ მივიდნენ პოლიკლინიკებში, განაცხადონ, რომ სიმპტომები აქვთ ან კონტაქტირებული იყვნენ და ტესტირება ჩაიტარონ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ამას ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებს. ქვეყანას ამის საშუალება აქვს და რაც მეტი ტესტი ჩატარდება, მით უკეთესი. ჩვენ დღესაც მივმართეთ და განხილვა იყო ჩვენი წინადადებების, რომ მაინც არსებობს გარკვეული ბარიერები და მოსახლეობა გამოსაკვლევად ადვილად ვერ მიდის. ამიტომ, რამდენიმეჯერ მივმართეთ, რომ ყველა ბარიერი მოიხსნას და მათ შორის, მაგალითად, მიმართვიანობის დროს ექიმის კონსულტაცია აუცილებელი არ იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ანტიგენის ტესტები განსაკუთრებულად, გეოგრაფიულად მოშორებულ რაიონებსა და სოფლებში საკმაოდ ადვილად ხელმისაწვდომობას და ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას იძლევა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად უნდა დაეყრდნოს ქვეყანა ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებლის განსაზღვრითვის ანტიგენზე დამზადებულ ტესტებს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ოქროს სტანდარტად ისევ და ისევ „პისიარ“ ტესტი რჩება, მაგრამ ახალი ანტიგენის ტესტებიც ძალიან დაიხვეწა. 

„პროტოკოლში არის, თუ ადამიანი სრულიად უსიმპტომოა და ანტიგენის ტესტი დადებითს იძლევა, აუცილებელია, ის „პისიარზე“ გადამეორდეს; ან თუ ადამიანი სიმპტომებიანია და ანტიგენის ტესტი უარყოფითს იძლევა, იქაც შეიძლება, მაგრამ თუ სიმპტომებია და ანტიგენის ტესტი დადებითია, იმას არავითარი გადამეორება არ სჭირდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ვერ წარმოედგინა, რომ ამ ტიპის ტალღას, რაც ქვეყანას ნოემბერ-დეკემბერში ჰქონდა, ჯანდაცვის სიტემა ორ-სამ კვირაზე მეტხანს გაუძლებდა, მაგრამ ხარვეზების მიუხედავად სისტემა ამას უძლებს.

მისივე თქმით, ყველაფერმა ერთად – შეზღუდვებმა, გაფართოებულმა ტესტირებამ, ადამიანთა მეტად გათვითცნობიერებამ იმოქმედა და სიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ არ უნდა მოვეშვათ და ისეთი ილუზია არ უნდა შევიქმნათ, როგორც ზაფხულში შევიქმენით, რომ ვირუსი დავამარცხეთ.

„ჩვენთვის ეს 1 400-1 500 შემთხვევაც ძალიან ბევრია. კი, საავადმყოფოებზე ისეთი ზეწოლა აღარ არის, როგორც 5 000-6 000 შემთხვევის დროს იყო, მაგრამ ეს მაინც ბევრია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ მედპერსონალი ძალიან გადაღლილია და ამ ადამიანებს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით.

„დიდი მადლობა მათ იმისთვის, რასაც ისინი აკეთებდნენ და აკეთებენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.