ეკატერინე ტიკარაძე - აქამდეც ვამბობდი და დღესაც ვიტყვი, რომ საქართველოში არ შემოვა ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ იქნება აღიარებული
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთან ვაქცინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა განაცხადა, საქართველოში არ შემოვა ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ იქნება აღიარებული.
„მოლაპარაკებები გვაქვს ჩინეთთან, ჩინეთის ორი ვაქცინა არის მოლოდინის რეჟიმში. ეს ვაქცინები ძალიან მალე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციას მიიღებენ, რაც უსაფრთოების თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარანტია იქნება.
შესაბამისად, საქართველო ჩინურ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ვაქცინაციებზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ვიცით, რომ ჩინური ვაქცინა ტრადიციულ მეთოდზე არის დამზადებული. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა მასზე მაღალი იყოს.
ასევე, მოლაპარაკებები დაწყებულია „მოდერნასთან“ დაკავშირებით და საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით, რის შემდეგაც კონკრეტულად ამ ქვეყანაში სამთავრობო ვიზიტი გაიმართება. ამ შემთხვევაშიც საიმედო პასუხის მოლოდინი გვაქვს.
იმ შემთხვევაში, თუ ჩინური ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას ვერ მიიღებს, ის საქართველოში არ შემოვა. აქამდეც ვამბობდი და დღესაც ვიტყვი, რომ საქართველოში შემოვა მხოლოდ მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზებული და აღიარებული ვაქცინა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამასთან, როგორც ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში აღნიშნა, „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთანაც. გარდა ამისა, ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია ახლად გამოჩენილი „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინაც, რომელიც ეფექტურობიდან გამომდინარე, შესაძლოა, საკმაოდ პოპულარული გახდეს.
„ასევე, მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, რომელიც ისრაელის სახელმწიფოსთან მიმდინარეობს, რის შედეგადაც შესაძლოა, დამატებით „ფაიზერის“ შემოტანის საშუალება გამოიკვეთოს. ასევე, მნიშვნელოვანია ახლად გამოჩენილი „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა, რომელიც როგორც იცით, არის ერთდოზიანი და შესაძლოა, ესეც საკმაოდ პოპულარული ვაქცინა გახდეს, ვინაიდან მას მყისიერი ეფექტი ექნება, რაც ხშირ შემთხვევაში, ადამიანის არჩევანს განაპირობებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.