ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ვაქცინის მიღების ზუსტი დრო კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის შემოტანასა და ქვეყნის მზაობაზე ისაუბრეს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „კოვაქსის“, „ფაიზერის“ და საქართველოს მხარის მონაწილეობით კიდევ ერთი კონსულტაცია კვირის ბოლომდე შედგება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას.
„საბჭოს ფორმატში ჩვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, რომელიც ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად რჩება. ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს აქტიურად, რათა საქართველოში ვაქცინები, კოვაქს-პლატფორმასთან ერთად, სხვა ალტერნატიული გზებითაც იყოს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განმარტებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ „ასტრაზენეკასთან“.
გარდა ამისა, უკვე შექმნილია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციას ისახავს მიზნად და დაწყებულია გეგმით განსაზღვრული ნაბიჯების განხორციელება. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის უმთავრესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიღებული ოფიციალური ნებართვა და მისი საერთაშორისო აღიარებაა.