ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საწოლფონდი 6 000-დან 7 100-მდე გაიზარდა
წინა კვირაში 6 000 საწოლი გვქონდა, ხოლო ორშაბათიდან 1000 საწოლი დაემატა, – ამის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საკმარისი საწოლების რაოდენობა, ზოგადად არ არსებობს ასეთი მცნება. ყველა საწოლი, რომელიც იქნება გამოყოფილი, აუცილებლად იქნება დატვირთული და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი. ზოგადად, მსოფლიოში საწოლბრუნვა ძირითადად ყოველთვის დეფიციტურია. აქედან გამომდინარე, ყველა ქვეყანა, ისევე როგორც საქართველო, განსაზღვრავს ამ დეფიციტის პროცენტს ან იმ ნიშნულს, რომლის შემდეგაც იწყება საწოლფონდის დამატება. ეს არის ჰოსპიტალურ სექტორში 85-პროცენტიანი გადატვირთვა. ამის შემდეგ წყება ქმედება იმისთვის, რომ დავამატოთ საწოლფონდი, სხვა შემთხვევაში ამას ჰქვია არარაციონალური გამოყენება ყველა იმ რესურსის, რომელიც სახელმწიფოებს გააჩნიათ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, არც ერთი ქვეყნის მიზანი არ არის ის, რომ საწოლფონდების მაქსიმალური რაოდენობა გამოიყენოს.
„სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები, დაწესდეს შეზღუდვები, რათა მოხდეს როგორც საწოლფონდის განტვირთვა, ასევე პრევენციულად ინფექციის გავრცელება. ახლა ვართ 85 პროცენტზე და თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ დავამატეთ საწოლები. წინა კვირაში გვქონდა 6 000 საწოლი და ორშაბათიდან გვაქვს 7 100 საწოლი. დაემატა 1 000 საწოლი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.