ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ექთნის გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტოს შუალედური დასკვნა მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში დაწესებულებას, სადაც 27 წლის მეგი ბაქრაძე მუშაობდა, რეანიმაციული განყოფილება აქვს.
ტიკარაძის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში ყველა საჭირო დახმარება იყო უზრუნველყოფილი.
„არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა დაწესებულებაში, რომელსაც გააჩნია რეანიმაციული განყოფილება. შესაბამისად, იქ მისთვის უზრუნველყოფილი იყო ყველა ის საჭირო დახმარება, რომელიც მას იმ ეტაპისთვის ესაჭიროებოდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგულირების სააგენტო შუალედურ დასკვნას მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.
„როგორც კი რეგულირების სააგენტო დადებს შუალედურ დასკვნას, მისი ხელმძღვანელი გააკეთებს განცხადებას, ამ კვირაში იქნება“, – დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.