ავლაბრის ტერიტორიაზე ვაქცინაციის პუნქტი გაიხსნება, სადაც ათზე მეტი სამედიცინო ბრიგადა იმუშავებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციისთვის უკვე გახსნილია არაერთი ვაქცინაციის პუნქტი. მისივე თქმით, ავლაბრის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ვაქცინაციის პუნქტი დაემატება.
როგრც ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დასახელებულ პუნქტში ათზე მეტი ბრიგადა იქნება.
„გახსნილია არაერთი ვაქცინაციის პუნქტი და დღესდღეობით გვაქვს მიწოდების სიჭარბე. სწორედ აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი ყველა ჩვენი მოქალაქის მოწოდება, რომ ისინი მივიდნენ ადგილზე და აიცრან. თბილისში კიდევ ემატება ერთი ლოკაცია, სადაც იქნება მასობრივი ვაქცინაცია. ეს არის ავლაბრის ტერიტორიაზე, ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. იქაც განთავსებული იქნება ათზე მეტი ბრიგადა. შესაბამისად, გამტარობა დღიურად იქნება 1000-დან 1 500 პაციენტამდე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.