ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის „ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის 10 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაემატება ვებვერდები, რის შემდეგაც, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ვაქცინაციისთვის 14 აპრილის ფარგლებში დარეგისტრირდნენ.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის 10 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.
„წინა დღეებში გვესმოდა ბევრი საყვედური, რომ რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ერთი მიზეზით იყო გამოწვეული, რომ მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს გახსნილი ჰქონდა მოდული მხოლოდ 14 აპრილამდე, რაც საბჭოსთან შეთანხმებულია და ჩვენი გეგმით ვხსნით ყოველ ორკვირიან მოდულს რიგის მართვისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაემატება საიტები. შესაბამისად, შემდეგი დღეების განმავლობაში მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, რომ დარეგისტრირდნენ ისევ 14 აპრილის ფარგლებში. დღეისთვის დარეგისტრირებულია 14 097 ადამიანი, რამდენადაც ჩემთვის ამ ეტაპისთვის არის ცნობილი. აქედან, 10 000-ზე მეტი არის „ფაიზერზე“ განხორციელებული რეგისტრაცია. ხორციელდება ვაქცინაცია „ფაიზერზე“ თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „ამტელ ჰოსპიტალში“, ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალსა და კავკასიის მედიცინის ცენტრში. ამ კონკრეტულ დაწესებულებებში უბრალოდ დაემატება ამცრელთა ჯგუფები და ასევე, ამცრელთა ჯგუფების სამუშაო საათები გაიზრდება, რის ხარჯზეც მოხდება დამატებითი მოცულობებისა და ჯავშნების განხორციელება. ხვალ 11:00 საათზე არის ვაქცინაციის საბჭო, სადაც ვიმსჯელებთ დამატებით გაფართოების გეგმაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შემდეგ კვირას საქართველოში შემოვა ჩინური ვაქცინა, რომელიც აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან.
„კვირის ბოლოს ჩვენ უკვე ველოდებით ჩინეთიდან ვაქცინის შემოტანას. შესაბამისად, შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინა, რომელიც იცით, რომ ასევე არის აღიარებული უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან. 100 000 დოზა იქნება ჩამოტანილი. ჩვენ ჯანმო-სთან კონსულტაციებს გავდივართ, თუ როგორ მოვიქცევით ამ ვაქცინასთან მიმართებაში. დაველოდებით ჯანმო-ს აღიარებას, თუ დაგვრთავენ ნებას, უნგრეთის მსგავსად, განვაგრძოთ ქვეყანაში ვაქცინაცია. როდესაც ვაქცინა იქნება ადგილზე, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.