ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ახალციხის „იმედის“ კლინიკაში ვაქცინაცია კვლავ გაგრძელდება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ახალციხის „იმედის“ კლინიკას ექვსსაწოლიანი რეანიმაციული განყოფილება აქვს და იქ ვაქცინაციის პროცესი კვლავ გაგრძელდება.
ამასთან, ტიკარაძის თქმით, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის იმის ვალდებულება, ვაქცინაციის დროს ადგილზე იყოს რეანიმატოლოგი.
„მსოფლიოს არც ერთ ქვეყაანაში არ არის ვალდებულება, რომ ადგილზე იყოს რეანიმატოლოგი, შესაბამისად, საქართველოსაცეს ვალდებულება არ ჰქონდა. ჩვენ რამდენჯერმე განვმარტეთ, რომ ის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ვაქცინაციასთან მიმართებაში ჯგუფს აქვს შემუშავებული, წარდგენილი იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან, სხვა პლატფორმებზე, ასევე „კოვაქს“ პლატფორმაზე და საქართველოს ეს პროტოკოლი მათი მხირდანაც იქნა მოწოდებული. აქედან გამომდინარე, ეს ქვეყანას არ ავალდებულებს, რომ მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდეს ვაქცინაციის პროცესი, თუმცა გამონაკლისის სახით საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება „იმედის“ კლინიკას, მას გააჩნია ექვსსაწოლიანი რეანიმაციული განყოფილება, ეს არ გახლავთ ისეთი სტაციონარი, სადაც ვაქცინაციის პროცესი არ შეიძლებოდა ყოფილიყო და იქ ვაქცინაციის პროცესი კვლავაც გაგრძელდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.