ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ 60 წელს ზემოთ მოსახლეობის სულ მცირე 90 პროცენტის აცრის შემთხვევაში ჰოსპიტალები არ გადაიტვირთება
როგორ შეიძლება, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალი? – ამის პასუხი ცალსახად არის ის, რომ უნდა იყოს აცრილი 60 წელს ზემოთ მოსახლეობის სულ მცირე, 90%, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„60 წელს ზემოთ ინფიცირებულთა 85% ხვდება ჰოსპიტალში და შემდეგ რეანიმაციაში, რაც იწვევს რეანიმაციული საწოლების გადატვირთვას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები აიცრან“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება ლეტალობის მაჩვენებელს, 92%-დან 95%-მდე იღუპება 60 წელს ზევით მოსახლეობა.
„კოვიდიდან გამოწვეული ლეტალობის პირამიდა სწორედ ამას ასახავს, რომ გარდაცვალებულებიდან 95% არის 60 წელს ზევით, ხოლო დანარჩენი 60 წელს ქვევით. იმ ქვეყნებში, სადაც 60 წელს ზევით მოსახლეობა 90%-ით არის აცრილი, ლეტალობა დაბალია, ხოლო ქვეყნებში, სადაც ეს მაჩვენებელი 75%-ის ქვევითაა, მათი ლეტალობის მაჩვენებელი ისეთივე ცუდია, როგორც საქართველოში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა ხარვეზები საინფორმაციო კამპანიის მხრივ, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია ნამდვილად მასშტაბური იყო.
„ჩვენ გვესმოდა მუდმივი კრიტიკა, იყო თუ არა საინფორმაციო კამპანია წარმართული სწორად. რა თქმა უნდა, ჩვენ სამინისტროში გავაანალიზეთ ყველა არსებული ღონისძიება, რომელიც განვახორციელეთ და მინდა, ნამდვილად ვაღიარო, რომ კამპანია, რომელიც წარმართული იყო, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჰოლდინგის და ყველა იმ უწყების მხრიდან, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, ნამდვილად იყო მასშტაბური. თუმცა, აქ იკვეთებოდა გარკვეული ნეგატიური მესიჯები, რომელიც ზოგადად ვაქცინაციის პროცესზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა და ეს ძალიან გულდასაწყვეტია. მნიშვნელოვანია, სამომავლოდაც გავითვალისწინოთ და გავიაზროთ ის, რომ როდესაც ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის ასეთი ფრიად მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება, საჭიროა, ის ყველა კუთხით იყოს მხარდაჭერილი; გვესმოდეს არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ გაცილებით მეტი მხარდაჭერა ამ მიმართულებით, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროც არ არის ყოვლისშემძლე უწყება და მასაც სჭირდება მხარდაჭერა, არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ გარკვეული გზამკვლევი ბევრი უწყებისგან და ზოგადად, საზოგადოებისგანაც“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.