ეკატერინე ტიკარაძე - 60 წელზე ზევით მოსახლეობა და ქრონიკული დაავადების მქონე პირები ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ამიტომ მნიშვნელოვანია აქტიური ვაქცინაცია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეისწავლა სტატისტიკა ჰოსპიტალიზებული პაციენტებისა და კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების შესახებ.
მისივე თქმით, ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ 60 წელზე ზევით მოსახლეობა და ქრონიკული დაავადების მქონე პირები პანდემიის პერიოდში ყველაზე მარალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი რისკჯგუფში მყოფი პირების ვაქცინაცია.
„ჩვენ არაერთხელ ვამბობთ, თუმცა ეს რატომღაც სათანადოდ არ მიდის მოსახლეობამდე, ძალიან მნშვნელოვანია იმ ჯგუფის აცრა, რომლებიც განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან. ჩვენი მხრიდან ანალიზი გაკეთდა იმ ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანებისა და ლეტალობის სტატისტიკის. ამ პირამიდის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც გენდერულ ჭრილში, ასევე ასაკობრივ ჭრილში. მკაფიოდ ჩანს ის ფაქტი, რომ 60 წელზე ზევით მოსახლეობა და მოსახლეობა, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ.
სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ასაკობრივ ჯგუფში აქტიური ვაქცინაცია, ვინაიდან სწორედ ეს იქნება ის სწორი ბერკეტი, რომელიც დაუპირისპირდება მოსალოდნელ მეხუთე ტალღას, რის შედეგადაც ჩვენ შევძლებთ, განვტვირთოთ ჰოსპიტალური სექტორი, რაც მოიაზრებს, რომ არ მოხდება ჰოსპიტალური სექტორის იმგვარად დატვირთვა, როგორც ეს მოხდა მეოთხე ტალღის დროს. ასევე ლეტალობის მაჩვენებელი იქნება მნიშვნელოვნად დაბალი, ვინაიდან სწორედ ეს ფენა, რომელიც არის მაღალი რისკის ქვეშ, შეიძენს იმ საჭირო იმუნურ სტატუსს, რომელიც მათ ვირუსთან საბრძოლველად სჭირდებათ“, – განაცხადა ტიკარაძემ.