ეკატერინე ტიკარაძე - 2019-2021 წლებში გაუმჯობესდა ბავშვზე ზრუნვის პროგრამა და სოციალური მუშაობა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2019-2021 წლებში „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაიზარდა სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პროგრამაში გათვალისწინებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე. კერძოდ, გაიზარდა დღის ცენტრებით მოსარგებლე შშმ პირთა რაოდენობა და შეადგინა 811 ბენეფიციარი (ნაცვლად 781 ბენეფიციარისა). „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში გაიზარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ვიზიტების რაოდენობა (16 816-მდე, ნაცვლად 143 000-ისა).
„დღის ცენტრების მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში გაიზარდა შშმ ბავშვთათვის დღის ცენტრების ბენეფიციართა რაოდენობა (1102 ბენეფიციარი, ნაცვლად 1059 ბენეფიციარისა).
მინისტრის განცხადებით, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით მოსარგებლე 18 წელს მიღწეულ შშმ პირებს, რომლებიც მინიმუმ ორი წელია იმყოფებიან მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდებიან ბიოლოგიურ ოჯახში და საჭიროებენ სახელმწიფო ზრუნვას, შესაძლებლობა აქვთ მინდობით აღმზრდელის სურვილის და თანხმობის შემთხვევაში იცხოვრონ იმავე ოჯახში.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს მინდობით აღზრდაში მყოფი ბენეფიციარების 18 წლის მიღწევის შემდეგ ინსტიტუციაში მოხვედრის პრევენციას.
გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში“ შემოღებულ იქნა საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შშმ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესება და ფუნქციონირების ამაღლებას, აგრეთვე, 100 ერთეული პედიატრიული სმენის აპარატი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვების ინტეგრაციას.