ეკატერინე სხილაძე - მანდატურის მიერ ბავშვის შეყოვნება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით უნდა მოხდეს
მანდატურის მიერ ბავშვის შეყოვნება მხოლოდ იმ უკიდურესი აუცილებლობით უნდა მოხდეს, რაც ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება უკავშირდებოდეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანია ასევე გარემო, სადაც ბავშვის შეყოვნება მოხდება. ჩვენ ბევრი კითხვები გვიჩნდება – ისევ სამასწავლებლოში წავიყვანთ ბავშვს, ბიბლიოთეკაში დავსვამთ, თუ რა პირობებში მოხდება ბავშვის შეყოვნება? ვინ იქნება იმ პერიოდში ბავშვზე ზრუნვის განმახორციელებელი? რა ტიპის იქნება შეყოვნება? ეს პირიქით, ბავშვის გაღიზიანებასა და ემოციური მდგომარეობის გართულებას ხომ არ გამოიწვევს და ა.შ“, – განაცხადა სხილაძემ.
მისი თქმით, კითხვებზე პასუხი ასეთია, რომ ეს საკითხები შემდეგ უკვე დეტალურად მოწესრიგდება. თუმცა, როცა ბავშვის შეყოვნებაზეა საუბარი, ეკატერინე სხილაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, კანონშივე ჩანდეს, რა დგას ამის უკან, რა ინფრასტრუქტურას ახვედრებს სკოლა ბავშვს, როცა მას აყოვნებს და რა უნარ-ჩვევები გააჩნიათ მანდატურებს.
„მნიშვნელოვანია, ბავშვის შეყოვნების სამი საათი, 20 თუ 15 წუთი ეფექტიანად იქნას გამოყენებული. ასევე მნიშვნელოვანია, ეს ძალადობის პრევენციას ემსახურებოდეს და არა ბავშვის მეორედ ვიქტიმიზაციას“, – განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ.
მანდატურების სამსახურის რეფორმის კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.