ეკატერინე სხილაძე - გვაქვს მოლოდინი, რომ ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის მიმართულებით სახელმწიფო უწყებების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება
სამწუხარო ტენდენციაა, რომ სისტემური პრობლემები და გამოწვევები, რაც ბავშვზე ზრუნვისა და ბავშვთა დაცვის სფეროში არსებობს, ასახვას ჰპოვებს კონკრეტულ შემთხვევებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილებოდა ის გამოწვევები, რომელიც ბავშვზე ზრუნვისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებობს.
„ცხადია, წარვადგინეთ სახალხო დამცველის ის ხედვა, რომელსაც წლებია, სახალხო დამცველი თავის ანგარიშებსა თუ რეკომენდაციებში ასახავს. სამწუხარო ტენდენციაა, რომ სისტემური პრობლემები, სისტემური გამოწვევები, რაც ამ სფეროში არსებობს, ასახვას ჰპოვებს კონკრეტულ შემთხვევებზე და იწვევს ტრაგიკულ შემთხვევებს, რისი ნათელი მაგალითიც ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია. ცხადია, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. რეალურად, ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სისტემა საქართველოში არსებითად გამოწვევებით ფუნქციონირებს. ხშირ შემთხვევაში, ის არ არის ორიენტირებული ბავშვის საუკეთესო ინტერესზე“, – განაცხადა ეკატერინე სხილაძემ.