საქართველოში ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად სამწლიანი პროექტი განხორციელდება
საქართველოში ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად სამწლიანი პროექტი განხორციელდება

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოში ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად სამწლიანი პროექტი განხორციელდება. ინიციატივა ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის განვითარებაში და ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურების ჩამოყალიბებაში საქართველოს მთავრობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ 44 დიდი ზომის ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულება დახურა და 1317 მიუსაფარი ბავშვის რეინტეგრაცია უზრუნველყო.

მიუხედავად ამისა, ხარისხიანი ალტერნატიული ზრუნვის სერვისების შეთავაზება მოწყვლადი ბავშვებისთვის სახელმწიფოს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.

„დღეს საფუძველი ჩაეყრება ახალ პროექტს ევროკავშირის დახმარებით, რომლის გამორჩეული ნაწილია ის, რომ მიმართულება თემატური იქნება. ბავშვთა უფლებების დაცვა, ბავშვთა კეთილდღეობა. თავისებურება ამ მხრივ იქნება ის, რომ შეიქმნება ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო მექანიზმი. ასეთი სტრუქტურაა მართვის, რომელიც აერთიანებს როგორც სახელმწიფო სტრუქტურების სხვადასხვა სამინისტროს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და უფლებადამცველებს. ეს არის ანალოგი იმისა, რაც ჩვენ გვაქვს გლობალურ ფონდთან ურთიერთობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო და ეს არის ამით გამორჩეული, რომ ამ ფორმატში უფრო კოორდინირებულად იქნება შესაძლებელი ამ მიმართულების მართვა”, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

პროექტის შედეგად მოხდება სოციალურ მუშაკთა სახელმწიფო სისტემის გაძლიერება, კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწა ბავშვთა დაცვის პოლიტიკის მიმართულებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ოჯახზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.