ეკატერინე სხილაძე - ხშირად სკოლასა და მანდატურს შორის საკმარისი თანამშრომლობა არ არის
ეკატერინე სხილაძე - ხშირად სკოლასა და მანდატურს შორის საკმარისი თანამშრომლობა არ არის

ხშირად სკოლასა და მანდატურს შორის საკმარისი თანამშრომლობა არ არის, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ომბუდსმენის აპარატის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს. სხილაძე მანდატურის სამსახურის ფუნქციების გადახედვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებული მანდატურის ფუნქციები გადაიხედოს და მათ პრაქტიკაში ეფექტიანი როლი შეასრულონ. სამწუხაროდ, ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ ხშირად სკოლასა და მანდატურს შორის საკმარისი თანამშრომლობა არ არის და ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევის, პრევენციისა თუ გამოვლენის დროს მათი ჩართულობა არ ხდება”,- აცხადებს სხილაძე

მისივე განმარტებით, სკოლებში ბავშვის მიმართ ძალადობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სკოლებში ბავშვის მიმართ ძალადობა გამოწვევას წარმოადგენს. პრობლემა ძალადობის აღქმა და შესაბამისი რეაგირებაა. ჩვენი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვებს ინფორმაცია არ აქვთ ძალადობის დროს ვის მიმართონ და ასევე ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან დროული და სათანადო ჩარევა არ ხდება.

ამიტომ, სახელმწიფოს ქმედების გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად ქმედების ეფექტურად განხორციელება და ის, რომ ბავშვებს განცდა და იმედი ჰქონდეთ, რომ როდესაც ისინი შესაბამის პირებს მიმართავენ, მათ მიმართ არსებული ძალადობის ფაქტებზე რეაგირება მოხდება”,-აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე.