ეკატერინე მიქაბაძე - საერთოდ, სოფლის მეურნეობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაბალია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ტრადიციულად დაბალია და შემცირებაც მაღალი არ არის. ამის შესახებ მან სოფლის მეურნეობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„საერთოდ, ძალიან დაბალია სოფლის მეურნეობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. შემცირება არ არის მაღალი და შესაბამისად, მთავრობა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს, რომ ეს მიმართულებაც დადებითი იყოს“, – განაცხადა მიქაბაძემ.
„საქსატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს. სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 527.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.3 პროცენტია. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი 304.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – მშენებლობა 294.6 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა სოფლის მეურნეობის სექტორში, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 8.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2017 წელს კი – 3.6 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა. ამასთან, შემცირებაა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სექტორში – 2016 წელს აღნიშნულ სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობა 28.6 მლნ აშშ დოლარი იყო, 2017 წელს კი – 3.3 მლნ აშშ დოლარი.