ეკა მესხიძე - პაპუნა უგრეხელიძის გადადგომა იყო პასუხი ყველა იმ ტკივილისთვის, რაც მან ადამიანებს მიაყენა
საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი ეკა მესხიძე პაპუნა უგრეხელიძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
ეკა მესხიძე, რომელიც საჯარო რეესტრის ყოფილ უფროსს პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს, პირველ არხთან დამატებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მზადაა, საქმე სასამართლოში გაგრძელდეს.
“ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო და პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა. ეს იყო პასუხი ყველა იმ ცრემლისთვის, ყველა იმ ტკივილისთვის, რაც მან ადამიანებს მიაყენა, კონკრეტულად საჯარო რეესტრის თანამშრომლებს. ღიად მინდა ვთქვა, რომ ადამიანები მწერენ, მირეკავენ და მადლობას მიხდიან, რომ ისინი გათავისუფლდნენ მისი საშინელი გარემოცვიდან. რაც შეეხება ბრალდებებს, აბსურდულია, ჩემი მეუღლის თემას არანაირი კავშირი არ აქვს იმაზე, რაზეც მე ვსაუბრობ, ეს უკვე დადასტურებულია სახალხო დამცველის მიერ. რაც შეეხება სასამართლო დავას, თუ ის ჩივილს აპირებს, მეც მზად ვარ. შევხვდებით სასამართლოში და სასამართლო გამოავლენს დამნაშავეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის რთული იყო ამ ამბის გახმაურება, ამ ნაბიჯს არ ვნანობ, ვინაიდან ეს შეიძლება სტიმული იყოს სხვა ადამიანებისთვის, ვინც დღეს ხმას არ იღებს, ისევ დუმს და ითმენს ჩაგვრას, შეურაცხყოფას, დამცირებას”, – აცხადებს ეკა მესხიძე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ეკა მესხიძემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამ ბრალდების შემდეგ, პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართა და ვრცელი წერილი გაავრცელა. წერილში პაპუნა უგრეხელიძემ ეკა მესხიძის ბრალდებებს უსაფუძვლო და პოლიტიკური უწოდა. უგრეხელიძის განცხადებით, ეკა მხეიძის ბრალდებებმა მკვეთრი პოლიტიკური ელფერი მას შემდეგ მიიღო, რაც მისი მეუღლე ზურაბ ყიფიანი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ბეჟაშვილის ცოლის ძმაა და საჯარო რეესტრში მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პაპუნა უგრეხელიძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლებაზე დააკმაყოფილა.