სასამართლომ ეკა მესხიძეს პაპუნა უგრეხელიძესთან დაკავშირებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების უარყოფა დაავალა 
სასამართლომ ეკა მესხიძეს პაპუნა უგრეხელიძესთან დაკავშირებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების უარყოფა დაავალა 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე მის თანამშრომელს ეკატერინე მესხიძეს პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებდა.

საუბარი იყო მესხიძის ბრალდებებზე, რომლითაც მან უგრეხელიძე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ეკატერინე მესხიძეს დაევალა ტელევიზიებით მის მიერ გაკეთებული ინფორმაციების უარყოფა.

„მოსარჩელე ეკატერინე მესხიძეს დაევალა ცრუ ბრალდებების კასკადის უარყოფა. კერძოდ, დაახლოებით ხუთ ტელეკომპანიაში საჯაროდ უარყოს მის მიერვე გავრცელებული ინფორმაცია. იგი მე მადანაშაულებდა სექსუალურ შევიწროებაში, სექსუალურ ძალადობაში და იყო მთელი რიგი მძიმე ბრალდებები. იგი ამით ჩრდილს აყენებდა არა მხოლოდ ჩემს საქმიან რეპუტაციას, არამედ საჯარო რეესტრში დასაქმებულ ქალბატონების უმრავლესობას. დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს იყო ცილისწამება, ანუ შეგნებულად არასწორი ინფორმაციის გავრცელება.  მე ამის უკან ვხედავ პოლიტიკურ, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიზნებს, რადგან სიმართლესთან ამას არ ჰქონია კავშირი“,- განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ.

ეკატერინე მესხიძის ადვოკატები აპირებენ, საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

საია-ს იურისტები აღნიშნავენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ეხებოდა მხოლოდ პატივისა და ღირსების შელახვაზე წარდგენილ საჩივარს და ეს გადაწყვეტილება არ ეხება მესხიძის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებას.

„მოსამართლემ გამოაცხადა სარეზოლუციო ნაწილი პაპუნა უგრეხელიძის მიერ ეკა მესხიძის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე. უგრეხელიძე ითხოვდა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციით უარყოფას. ამ დავის საგანი საერთოდ არ ყოფილა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვა, სარჩელი ეფუძნებოდა ეკა მესხიძის მიერ სხვადასხვა ტელევიზიებით გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ის სექსუალური შევიწროების ისტორიას ყვებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მსხვერპლს ინტერვიუში გაკეთებული ზოგიერთი განცხადებების უარყოფა დაავალა. მსხვერპლის მიერ გაკეთებული განცხადებები შეიცავდა აზრებსა და მოსაზრებებს, რაც მოქმედი კანონით დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ეკა მესხიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორე, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ ამის უარყოფა დაავალა. საია მიიჩნევს, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და ქმნის საფრთხეს, რომ მსხვერპლებმა სექსუალური შევიწროებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საჯაროდ არ ისაუბრონ. საია ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“,- აცხადებს ადვოკატი მარიკა დუმბაძემ.

მისივე თქმით, რა ნაწილში არ დააკმაყოფილა სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი, ეს უკვე დასაბუთებულ ნაწილში იქნება ასახული.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე  ეკა მესხიძემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამ ბრალდების შემდეგ, პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს  მიმართა და ვრცელი წერილი გაავრცელა. წერილში პაპუნა უგრეხელიძემ ეკა მესხიძის ბრალდებებს უსაფუძვლო და პოლიტიკური უწოდა. უგრეხელიძის განცხადებით,  ეკა მხეიძის  ბრალდებებმა მკვეთრი პოლიტიკური ელფერი მას შემდეგ მიიღო, რაც მისი მეუღლე ზურაბ ყიფიანი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ბეჟაშვილის ცოლის ძმაა და საჯარო რეესტრში მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლა. ამასთან, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პაპუნა უგრეხელიძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლებაზე დააკმაყოფილა.