იუსტიციის სამინისტრო ეკა მესხიძის თეა წულუკიანისადმი მიმართვის ასლს ავრცელებს
იუსტიციის სამინისტრო ეკა მესხიძის თეა წულუკიანისადმი მიმართვის ასლს ავრცელებს

ეკა მესხიძემ იკადრა ტყუილი, როცა 2018 წლის 24 მარტს საზოგადოებას უთხრა, თითქოს იუსტიციის მინისტრმა იცოდა მის მიერ გახმაურებული ამბის შესახებ და თითქოს მინისტრმა მას უპასუხა, რომ „ეს არაფერია“ – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის აღნიშნულ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეკა მესხიძემ იუსტიციის მინისტრს რეაგირებისთვის მხოლოდ 2018 წლის 27 მარტს მიმართა.

„სწორედ ამ დღეს შემოიტანა იუსტიციის სამინისტროს კანცელარიაში წერილი და სახალხო დამცველის რეკომენდაციის ასლი თეა წულუკიანის სახელზე“, – აცხადებენ იუსტიციის სამინიტროში და მესხიძის მიერ დართული განაცხადის ასლს ავრცელებს მოთხოვნით და მისი ჩაბარების თარიღით.

იუსტიციის სამინიტროში ასევე აღნიშნავენ, რომ სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაცია, რომელიც მინისტრის დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს გამოვიდა და ამავდროულად მხარეების გარდა (მესხიძე-უგრეხელიძე) სხვა პირებისთვის კონფიდენციალურია, ეკუთვნის პირადად პაპუნა უგრეხელიძეს.

„კერძოდ, პაპუნა უგრეხელიძეს სახალხო დამცველი აძლევს რეკომენდაციას, შექმნას ჯანსაღი სამუშაო გარემო. მოწოდება გადადგომის, ან თანმდებობის დატოვების შესახებ დასკვნაში არ არის“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

იუსტიციის სამინისტრო თეა წულუკიანის მიერ აღნიშნულ თემაზე გუშინ გაკეთებულ ვრცელ კომენტარსაც ავრცელებს:

„ჩვენ, ქალებს გვაქვს ერთი მიზანი, ჩვენი უფლებების კიდევ უფრო გამყარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული, თუკი ჩვენ ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას, ძალადობას ვერბალურს და ფიზიკურს.

ამ ყველაფერს თუ ერთმანეთში ავურევთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იქნება შეფერხებული; ხოლო თუ ტყუილით ვივლით წინ, ეს ბრძოლა იქნება წარუმატებელი.

მსხვერპლმა, რომელიც “რუსთავი 2”-ის ეთერში სახედაფარული მოგვევლინა, მე მომმართა რეაგირებისათვის იმ დღეს როდესაც პაპუნა უგრეხელიძემ დატოვა სამსახური.

შესაბამისად, მან იკადრა ტყუილი, როდესაც საზოგადოებას უთხრა, თითქოს მე ვიცოდი ამის შესახებ და ვუთხარი რომ მერე რა მოხდა ეს მხოლოდ ვერბალური ამბავია მეთქი.

შესაბამისად, როდესაც ამხელა ტყუილს კადრულობს ე.წ. მსხვერპლი, რა თქმა უნდა ეს ბრძოლა წინ ვერ წავა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დავები რომლებიც სასამართლოში მიმდინარეობს, მხარეებს მიეცეთ საშუალება მშვიდ პირობებში სასამართლოს განახილინონ.

როდესაც უგრეხელიძე დაბრუნდა მივლინებიდან მან მოიტანა, და საქმის მასალები რომელიც მე სხვაგვარად არ მექნებოდა, მაჩვენა. იქ დევს ექსპერტიზის დასკვნა სხვებს შორის, რომელიც ადასტურებს, რომ ის მისამართი საიდანაც თითქოს გაიგზავნა უგრეხელიძის მხრიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები, მას არ უნდა ეკუთვნოდეს.

ამიტომაც დაველოდოთ სასამართლო განხილვის შედეგებს. რაც მთავარია, აღარასოდეს მომავალში არცერთმა არ უნდა ვიკადროთ ტყუილი, რადგან ჩვენ ქალებს ტყუილი გვაყენებს ძალიან დიდ ზიანს ამ ბრძოლაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ, რომელიც თანამშრომელმა ეკა მესხიძემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.