ეკა ლალიაშვილი - სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედება კარგია, მაგრამ რეფორმამ მძღოლები არ უნდა დააზარალოს
როდესაც საგზაო შემთხვევა ხდება, ყველა ტვირთი მძღოლზე გადადის, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენელმა, ეკა ლალიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„რეფორმას სახელმწიფო ატარებს, მაგრამ შემსრულებელი კერძო სექტორია და ბუნებრივია, ბიზნესინტერესებიც თავისთავად არსებობს. შესაძლოა, იყოს შემთხვევები, როცა მძღოლი რეალურად დამნაშავე არ არის, მაგრამ საგზაო შემთხვევა შეფასდეს ისე, რომ დაზღვევა მესამე მხარეს აუნაზღაურდეს, იმ პირის ზარალი კი ვერ გამოიკვეთოს, რომლის დაზარალებულობა ასევე მესამე მხარის მიერ შეიძლება იყოს გამოწვეული და რომელსაც ზარალის ანაზღაურება ასევე ეკუთვნის“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედება კარგია, მაგრამ რეფორმა ისე უნდა განხორციელდეს, რომ მძღოლები არ დაზარალდნენ.
„საუბარია 100-150 ლარზე და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის გადასახადი შეიძლება, დაკორექტირდეს – მოემატოს, ან შემცირდეს. ეს არის ერთჯერადი გადასახადი, რომლითაც ძალიან დადებით შედეგს ვიღებთ, მაგრამ დღეს, ავტოპარკის თვალსაზრისით, საქართველოში ძალიან რთული ვითარება გვაქვს, რადგან 1 200 000 ავტომობილიდან 45% ოც წელს გადაცილებულია და ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობს სადაზღვევო სისტემა. ძველ ავტომობილებს ბევრად მეტი ტარიფი აქვთ, რომელიც ახალს შეიძლება, არ ჰქონდეს და ა.შ.“ – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ნათლად და მკაფიოდ არის განსაზღვრული დღეს არსებულ კანონპროექტში, თუ რა შემთხვევაში იხდის სერვისის საფასურს ფიზიკური პირი და რა შემთხვევაში იურიდიული პირი, რადგან, როგორც მძღოლების ნაწილი ამბობს, იგივე ტაქსების შემთხვევაში შესაძლოა, კომპანიები შეეცადონ, თანხა მძღოლებიდან ამოიღონ, ეკა ლალიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ეს საკითხი განსახილველია. მისი თქმით, კანონპროექტში კიდევ უფრო მეტი დეტალი უნდა გაიწეროს.
როგორც ეკა ლალიაშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები გულისწყრომას გამოთქვამენ, რადგან აქამდე, პროცესში მათი ჩართვა არ მოხდა, მაგრამ ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აუცილებლად ჩაერთვება საკომიტეტო მოსმენებში, რომელიც ღიაა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთოს.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად საკმარისია დარჩენილი დრო იმისთვის, რომ კანონპროექტი დაიხვეწოს და ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრების გათვალისწინება მოხდეს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი ივლისიდან კანონად იქცევა და ამოქმედდება, ეკა ლალიაშვილმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, თარიღი აუცილებლად გადაიწევს, რადგან საკითხი მეტად აქტუალურია, რამდენადაც მილიონზე მეტ ადამიანს ეხება.