ეკა ბოჭორიშვილი - „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების მიზანი პაციენტების ინტერესების დაცვა, უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების კონტროლია
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი პაციენტის ინტერესების დაცვა, უსაფრთხოება და მომსახურების ხარისხის კონტროლია, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა, ეკა ბოჭორიშვილმა, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, უწყებას დროული და ოპერატიული მუშაობისთვის პაციენტის საჩივრის საფუძველზე დაუყოვნებელი რეაგირების უფლებამოსილება მიენიჭება, რასაც 72 საათის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპის გავლა სჭირდებოდა.
„მუშაობის პრაქტიკამ აჩვენა, რომ აუცილებელია მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი“, – აღნიშნა ეკა ბოჭორიშვილმა.
მისივე განმარტებით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციები გაძლიერდება. კერძოდ, მას მიენიჭება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, საზედამხედველო ობიექტის დათვალიერება, დალუქვა და სხვა.
„დღეს საქართველოში კლინიკების უმრავლესობა დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში იღებს. შესაბამისად, დაწესებულებები შესრულებული სამუშაოების თანხების მოთხოვნის მიზნით, განმახორციელებლისგან ძალიან დიდი რაოდენობით თანხას იღებენ. გარკვეული პერიოდულობით რეგულირების სააგენტოს შესაბამისი ჯგუფი სახელმწიფო პროგრამის რევიზია-კონტროლს ახორციელებს, დარღვევების გამოვლენის, არამიზნობრივი ხარჯვის ან არასწორი მართვის შემთხვევაში კი ფორმდება აქტი.
არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, კლინიკების მხრიდან დავა სასამართლოში წლების განმავლობაში გრძელდება, რაც უფრო დიდ ვადებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, ჯარიმების გადახდა წლების განმავლობაში ჭიანურდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაუყოვნებლივი აღსრულება. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება აღნიშნულ საჩივარს არ ეთანხმება, მათ აქვთ უფლება, ეს ყველაფერი სასამართლოში გაასაჩივრონ და შესაბამის გადაწყვეტილებას დაელოდონ“, – განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.