ეკა ბესელია საკუთარ პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თებერვლის ბოლომდე მიიღებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საკუთარ პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თებერვლის ბოლომდე მიიღებს.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, გადაწყვეტილება რაციონალური, ცივი გონებით მიღებული უნდა იყოს და არა ემოციებზე აგებული.
„გადაწვეტილება არ იქნება პირად სურვილებზე ან ემოციებზე აგებული. გადაწყვეტილებას იმის მიხედვით არ მივიღებ, ეკა ბესელიას რა მჭირდება და ჩემთვის უკეთესი რა იქნებოდა. ზუსტად ვიცი, რომ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებ, საქმისთვის რა იქნება საჭირო და რა იქნება უკეთესი სხვებისთვის. ისეთი ეტაპი დამიდგა, როცა ფასეულობების გამო ემოციური და პოლიტიკური ჭიდილი ხდება“, – განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელია ერთ-ერთია იმ ცხრა დეპუტატს შორის, რომლებმაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადეს. ცვლილებების გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი გუშინ დარეგისტრირდა.