ეკა ბესელია - საქართველოში მმართველობითი თვალსაზრისით კრიზისი გვაქვს
ეკა ბესელია - საქართველოში მმართველობითი თვალსაზრისით კრიზისი გვაქვს

წუხილს იწვევს საქართველოში არსებული მმართველობის ფორმა, რომელიც დემოკრატიული სისტემისთვის ბოლომდე თავსებადი არ არის ,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიამ  კომენტარი გააკეთა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ფრენსის ფუკუიამას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც „საქართველომ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, საქმეს საკმაოდ კარგად გაართვა თავი, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. „რეალურად საკითხი ისე დგას, რომ ძალაუფლება იმ ადამიანის ხელშია, რომელიც ოფიციალურად არჩეული არ არის, ანუ ვისაც ოფიციალური პოლიტიკური არჩევითი პოზიცია არ უკავია. სწორედ ამ მხრივ არის საჭირო, რომ არსებობდეს გამჭვირვალე მმართველობა.ზუსტად უნდა იყოს ცნობილი, რეალურად ვინ არის მთავარი მოქმედი პირი“.

ბესელია მიიჩნევს, რომ საქართველოში მმართველობითი თვალსაზრისით პრობლემა არსებობს.

„პირველად არ ისმის ასეთი შეფასებები, რომ კითხვის ნიშანს და წუხილს იწვევს მმართველობის ფორმა, რომელიც არ არის მთლად თავსებადი დემოკრატიული სისტემისთვის. ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ხალხი, ვისაც ირჩევს, მას აძლევს ნდობის მანდატს და შემდეგ ისევ ხალხი აკონტროლებს, რომ აღნიშნული მანდატი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ არ იყოს გამოყენებული. დღეს ჩვენ მმართველობითი თვალსაზრისით გვაქვს კრიზისი, პრობლემა, არასწორი მმართველობაა, როდესაც ხშირად გადაწყვეტილებებს არ იღებენ უფლებამოსილი პირები, სამინისტროს პოლიტიკური თანდებობის პირები და შეიძლება გადაწყვეტილებები მიღებული იყოს პოლიტიკურ ჯგუფში. ანუ, მმართველი პარტიისა და ხელისუფლების შერწყმა მოხდა, რაც მიმაჩნია დემოკრატიის ძალიან საზიანო გამოვლინებად. ეს იყო პრობლემა სააკაშვილის მმართველობის დროს, სამწუხაროდ, ამ პრობლემას წავაწყდით 2018 წლიდან, სადაც მართვის არასწორი ფორმების ასეთი ღია გამოვლინება დავინახეთ . ეს არ არის დემოკრატიისთვის კარგი მოდელი“ ,- განაცხადა ეკა ბესელიამ.