ფრენსის ფუკუიამა - უკრაინაში ომის შედეგიდან გამომდინარე, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს სხვა ქვეყნებში, საქართველო, მოლდოვა და ყაზახეთი დაზარალდებიან, თუ რუსეთი გაიმარჯვებს
ფრენსის ფუკუიამა - უკრაინაში ომის შედეგიდან გამომდინარე, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს სხვა ქვეყნებში, საქართველო, მოლდოვა და ყაზახეთი დაზარალდებიან, თუ რუსეთი გაიმარჯვებს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ფრენსის ფუკუიამამ იალტის ევროპული სტრატეგიის ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ომის შედეგი პირდაპირ აისახება საქართველოზე, მოლდოვასა და ყაზახეთზე, რადგან რუსეთს აქვს პრეტენზია ამ ქვეყნების ტერიტორიაზე.

„ამ ომის შედეგიდან გამომდინარე, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს სხვა ქვეყნებში. საქართველო, მოლდოვა და ყაზახეთი – თითოეული ეს ქვეყანა დაზარალდება, თუ რუსეთი გაიმარჯვებს, თუ შეძლებს, შეინარჩუნოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთს აქვს პრეტენზია ამ ქვეყნების სუვერენულ ტერიტორიებზე. იმედი მაქვს, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა, განვითარდნენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები“, – განაცხადა ფუკუიამამ.

ამასთან, ამერიკელმა პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ომის შედეგი გავლენას მოახდენს აზიის რეგიონზეც.

„ბოლო დრომდე ამ რეგიონში თითქმის არავინ ფიქრობდა, რომ ჩინეთი გადაწყვეტდა, ძალადობრივად დაპირისპირებოდა ტაივანს და დაემხო ამ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა“, – აღნიშნა ფუკუიამამ.

მისივე თქმით, ომის შედეგი გავლენას მოახდენს აშშ-ის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე, სადაც პოლიტიკურ მემარჯვენეებს მოსწონთ მმართველობის „ძლიერი ხელის“ მოდელი და ურჩევნიათ, რომ პუტინის მსგავსი ლიდერი ჰყავდეთ.