ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიას ზვიად კუპრავა ჯერ არ უნდა დაეკითხა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავა ამ ეტაპზე არ უნდა დაეკითხა.
პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ კუპრავა ფაქტის თვითმხილველი არ არის და მის დაკითხვამდე საქმის სხვა ფიგურანტებისთვის უნდა მოესმინათ.
ეკა ბესელია გამოეხმაურა სერგი კაპანაძის რეკომენდაციებს და აღნიშნა, რომ კომისიას არ აქვს პრეროგატივა, რომ რომელიმე პირის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, რაიმე ტიპის რეკომენდაცია გასცეს.
„კუპრავა არა არის თვითმხილველი, ის მხარეა, მისი დაკითხვით დაწყება და საერთოდ მოწვევა იქამდე, ვიდრე უშუალო ინფორმაციის მატარებელი პირები არ არიან დაკითხული, შეცდომაა. მგონია, რომ კომისიას მაღალი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები აქვს და პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდეს. გამომძიებლებს ბუნებრივია მეტი ინფორმაცია აქვთ და დავაზუსტებთ გარკვეულ საკითხებს. რეკომენდაციებზე ვაპირებ საუბარს კომისიის სხდომაზე, მიკვირს, რომ არ აღმოჩნდა კვალიფიციური იურისტი, ვინც სწორად ისაუბრებდა ამაზე. დევნის დაწყება არის პროკურატურის დისკრეცია. ეს შეცდომაა. რეკომენდაციები კომისიას ექნება, მაგრამ ეს მტკიცებულებების შეჯერების შემდეგ. რეკომენდაციები დასაწყისში არ გაიცემა. ეს ნიშნავს ზედაპირულ მიდგომას” – განაცხადა ბესელიამ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია დღეს სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას გამოკითხვას. დღესვე, დეპუტატებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ხორავას ქუჩის საქმის გამომძიებელს ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, შალვა ბედოიძეს მოუსმენს.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს სერგი კაპანაძის მიერ ინიცირებულ რეკომენდაციებს განიხილავს. დღის წესრიგის მიხედვით, კომისიის წევრები თავდაპირველად შინაარსობრივად განიხილავენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ დააყენა.