ეკა ბესელია - მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რთული და კომპლექსურია
ეკა ბესელია - მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რთული და კომპლექსურია

მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკმაოდ რთული და კომპლექსურია, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ანალიზის პროცესში ვართ, – აღნიშნული განცხადება დეპუტატმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გააკეთა.

ბესელიას მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მოხმარების შეთხვევაში, ჯარიმა პროპორციული არ არის, თუმცა გამონაკლისის შესაძლებლობები არსებობს.

„ჩემს პირად აზრს გეტყვით – საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით თქვა, რომ ადმინისტრაციული ჯარიმა, როგორც წესი, მომხმარების შემთხვევაში პროპორციული არ არის, თუმცა აქვე დატოვა საგამონაკლისო შესაძლებლობები, როდესაც კანონმდებელმა უნდა დაადგინოს აკრძალვა. საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკა მიდის იქით, რომ ეს არის არა აბსოლუტური დაშვება, არამედ კანონდებელმა უნდა დაადგინოს რეგულაციები. მაგალითად, არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინებით – მათ მიერ მოხმარება, მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, პოლიცია სამხედრო… ამიტომ, სასამართლომ დატოვა შესაძლებლობა, კანონდებელმა ამ ტიპის განსაკუთრებული სფეროსთვის დატოვოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევების რეგულირების მიზნით მუშაობა მიმდინარეობს.

„ახლა ჩვენ უკვე უნდა ვიმუშაოთ, რომ ასეთი შემთხვევები იყოს რეგულირებული“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, ეკა ბესელიას განმარტებით, კულტივაცია დასჯადია.

„რაც შეეხება კულტივაციას, დასჯადია. ეს არც დღეს არის დაშვებული და არც საკონსტიტუციო სასამართლოს უთქვამს, რომ კულტივირება ნებადართულია. საუბარია სანქციებზე, იქნება თავისუფლების აღკვეთა, თუ სანქცია ჯარიმის ოდენობის მიხედვით. მე ყველა ქმედებაზე პროპორციული სასჯელების არსებობას ვემხრობი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო.