ეკა ბესელია - მამუკა მდინარაძეს ოჯახური ბიზნესი აქვს სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის დროიდან დღემდე
ეკა ბესელია - მამუკა მდინარაძეს ოჯახური ბიზნესი აქვს სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის დროიდან დღემდე

მამუკა მდინარაძეს ოჯახური ბიზნესი აქვს სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის დროიდან დღემდე, – დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე​ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის,​ მამუკა მდინარაძის რეპლიკა გააპროტესტა.

მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით სუბიექტური ინტერესები აქვს.

„რომელი სუბიექტური ინტერესი მაქვს? სუბიექტური, ოჯახური ბიზნესი შენ გაქვს სასამართლოში, დაწყებული სააკაშვილის დროიდან დღემდე. სააკაშვილის დროიდან გქონდა დალაგებული იქ ურთიერთობები და ახლა შენ როგორ ლაპარაკობ სუბიექტურ ინტერესებზე“, – მიმართა მდინარაძეს ეკა ბესელიამ.

ამის პასუხად მდინარაძემ ბესელიას მოუწოდა საზოგადოების მოსატყუებლად ყველაფერს ნუ იკადრებს. მისი თქმით, როდესაც პროკურატურაში შედიოდა, იქ ეკა ბესელია ხვდებოდა და ამის ფონზე არ შეიძლება საუბარი, რომ მას ჰქონდა დალაგებული რამე სახის ურთიერთობა.

„რა მქონდა დალაგებული, პროკურატურაში ვერ შევდიოდი და რომ შევდიოდი, იქ მხვდებოდი ხოლმე და მე მქონდა დალაგებული, მე მელაპარაკები მაგას, სულ გადაირიეთ?

სიმართლეს რომ იტყვის ადამიანი, არ უნდა აღელდეთ და რომ აღელდებით, ე.ი. ცოტა გტკივათ ეს სიმართლე. რაც არ მოგეწონებათ, სიტყვა შემაწყვეტინეთ“, – მიმართა ბესელიას მდინარაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დილიდან მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს.