ეკა ბესელია - არც მე და არც უმრავლესობის სხვა წევრს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირადი ინტერესი არ გვაქვს
ეკა ბესელია - არც მე და არც უმრავლესობის სხვა წევრს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირადი ინტერესი არ გვაქვს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას ზაზა სარალიძეს უნდობლობასთან დაკავშირებით მისი საწინააღმდეგო არგუმენტები არ აქვს.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ ეს კომისია არ არის არც მისი და არც უმრავლესობის რომელიმე სხვა წევრის, ეს არის კომისია, რომელშიც უმრავლესობა აქვს ოპოზიციას და თავმჯდომარე ასევე არის ოპოზიციის წარმომადგენელი, გადაწყვეტილებები კი უმრავლესობით მიიღება.

„მე არ ვმოქმედებ ჩემი პირადი ინტერესით და სურვილით – არავითარი ინტერესი, არც მე და არც უმრავლესობიდან არცერთ პირს ამ საქმესთან დაკავშირებით არა გვაქვს, გარდა იმისა, რომ გაირკვეს სიმართლე.

მე არ ვხელმძღვანელობ საკუთარი სურვილებით, ასე რომ იყოს, იმ კომისიაში მუშაობა, არ მგონია, ვინმეს ოცნება იყოს და ამას ნატრობდეს რომელიმე პოლიტიკოსი, ეს იმდენად საპასუხისმგებლო და რთული პროცესია. მაგრამ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს პროცესი იყოს რაც შეიძლება ობიექტური, მიუკერძოებელი, სამართლებრივ ჩარჩოში ჩატეული, ყველამ ვისაც პარლამენტმა ნდობა გამოუცხადოს, უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა და იმუშაოს, მაგრამ აქვე დავძენ კიდევ ერთხელ, რომ ეს კომისია არ არის არც ეკა ბესელიას და არც უმრავლესობის რომელიმე წევრის.

ეს არის კომისია, რომელშიც უმრავლესობა აქვს ოპოზიციას და რომელშიც თავმჯდომარე ასევე არის ოპოზიციის წარმომადგენელი, გადაწყვეტილებები კი უმრავლესობით მიიღება. ასე რომ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში ეკა ბესელიას გარდა, ყველას ენდობა.