ზაზა სარალიძე - დროებით საგამოძიებო კომისიაში ეკა ბესელიას გარდა ყველას ვენდობი
ზაზა სარალიძე - დროებით საგამოძიებო კომისიაში ეკა ბესელიას გარდა ყველას ვენდობი

საგამოძიებო კომისიაში ეკა ბესელიას გარდა ყველას ვენდობი, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ განაცხადა.

„ბესელიას რატომ არ ვენდობი, „რუსთავი 2“-ზე კადრები გადაახვიეთ და მიხვდებით. ადამიანი, რომელიც მადანაშაულებს იმაში, რომ თითქოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მივეცი საშუალება, ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს, ამ ადამიანს არ ვენდობი. კომისიას იმ ნაწილში ვენდობი, რომ აუცილებლად გამოააშკარავებენ პირებს, ვინც ეს საქმე გააყალბა და შეთითხნა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, მოლოდინი ჰქონდა, რომ გუშინ მირზა სუბელიანს დააკავებდნენ.

„თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ გუშინ ამ კაცის დაკითხვას ცხრა საათი სჭირდებოდა? მე არ მგონია, რომ ეს იქ დასაკითხად ყოფილიყო. ალბათ, მოლაპარაკება მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, დაეკავებინათ თუ არა. პირველი დაკითხვაა გრძელვადიანი და შემდეგ ინფორმაციების დაზუსტებებია. მერე ერთი ან ორი საათი შეიძლებოდა დაკითხვა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

როგორც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ აღნიშნა, კომისიას მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის.

სარალიძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან გუშინდელ შეხვედრაზე ზოგადად ისაუბრეს, ხოლო დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ პირებს გამოააშკარავებენ, ვინც ეს საქმე შეკერა. 10 ივნისამდე კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდები. შოთაძე იმ დღესვე ვამბობდი, რომ დასაკავებელი იყო და ფაქტია, რომ არ დაუკავებიათ.

გამოძიების შედეგები ძალიან კარგად ვიცი. ჩემი გეგმები კარგად იცით. 10 ივნისამდე მივეცი ვადა, კონკრეტული პირები ჩამოვუთვალე, რომლის დაკავების აბსოლუტური საფუძველი გააჩნიათ. თუ არ დააკავებენ, აქციები ჩვეულებრივად გაგრძელდება, იმის მოთხოვნით, რომ სამართლიანობა აუცილებლად უნდა აღდგეს. 10 ივნისს აქციაზე, რა თქმა უნდა, ვიქნები, თუ კონკრეტულ ნაბიჯებს არ დავინახავთ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.

ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელ სერგი კაპანაძეს ხვდება.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც კომისიის დებულებას მიიღებენ.