ეკა ბესელია აცხადებს, რომ ყალბ პირადობის მოწმობებზე არასამთავრობოების განცხადებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ყალბ პირადობის მოწმობებზე არასამთავრობოების განცხადებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
ბესელია იმედოვნებს, რომ პროკურატურა გამოძიების პირველად შედეგებს მეორე ტურის დასრულებამდე გაასაჯაროებს.
„ამ დროისთვის ვიცით, რომ გაკეთდა განცხადება, რაიმე კონკრეტული წყარო ან მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. ფაქტია, ეს იყო მხოლოდ განცხადება და არანაირი სამართლებრივი დასაყრდენი და საფუძველი არ აქვს.
შემაჯამებლად შემიძლია გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პროკურატურაში ტომებად მივიტანეთ გაყალბებული ხელმოწერები, პირადობები, ოქმები და ბიულეტენები, არც კი იკითხა ვინმემ, არც კი დაიწყო გამოძიება.
დღეს კი გამოძიება დაიწყო არარსებულ ფაქტზე, უბრალოდ ზეპირი განცხადებების საფუძველზე. რაიმე გაყალბებას გამოვრიცხავ, ასევე გამოვრიცხავ პირადობების ყალბად დაბეჭდვის ფაქტებს, მაგრამ კითხვები რომ არ დარჩენილიყო, რომ არ დაგვეტოვებინა სივრცე იმის სათქმელად, რომ ინფორმაცია არ გადავამოწმეთ, დაიწყო გამოძიება. მივიღეთ პირველადი საგამოძიებო სურათი, სადაც ჯერ არაფერი არსებობს განცხადებების გარდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.
სამივე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი პროკურატურაში 21 ნოემბერს გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, პროკურატურას უთხრეს, რაც განცხადებაში უწერიათ და საქმეზე დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ. საია-ს აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის თქმით, წყარო საუბრობდა თათბირზე, რომელიც სავარაუდოდ, 5 ნოემბრის კვირაში გაიმართა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეკა გიგაურისა და ირმა პავლიაშვილის გამოკითხვაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე მათგანმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.