ეკა ბესელია აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა საარჩევნო კალენდარს არ უკავშირდება
ეკა ბესელია აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა საარჩევნო კალენდარს არ უკავშირდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მტკიცებით, ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა საარჩევნო კალენდარს არ უკავშირდება.

ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ საქმის დეტალების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

„პროკურატურა ინფორმაციას გაასაჯაროვებს და ვნახავთ, საუბარი რა ბრალდებაზეა. რეაგირების ფაქტი მნიშვნელოვანია. საარჩევნო კალენდართან დაკავშირება მუდმივად ხდება, მაგრამ საარჩევნო კალენდრის მიუხედავად, გამოძიებას ვალდებულება აქვს, რეაგირება მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოახდინოს. ყველაზე სწორი მიდგომაა საკითხები კანონისა და სამართლიანად გადაწყდეს და არა ის, ვინმე სამაგალითოდ და საჩვენებლად დაისაჯოს. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ვინმეს ხელი დაეფაროს და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით რაიმე გადაიფაროს. ყველაფრის გადაწყვეტა კანონის სტანდარტით უნდა მოხდეს“, – აღნიშნავს ბესელია.

პირველ არხს ადვოკატებმა დაუდასტურეს, რომ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა. გირაოს ოდენობა 5 ათას ლარს შეადგენს.

ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურამ ბრალი 126-ე მუხლით, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარუდგინა. ადვოკატების ინფორმაციით, ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს.