ეკატერინე ადამია - სახელმწიფო პროგრამების სერიოზული ნაწილი ონკოლოგიის წინააღმდეგ საბრძოლველად და პრევენციული ღონისძიებებისთვის არის მიმართული
სახელმწიფო პროგრამების სერიოზული ნაწილი ონკოლოგიის წინააღმდეგ საბრძოლველად და პრევენციული ღონისძიებებისთვის არის მიმართული, – ამის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„პრევენცია უმნიშვნელოვანესია, რათა დაავადება ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ, მით უფრო, ისეთი განვითარების პირობებში, როცა ძალიან რევოლუციური მედიკამენტები გვაქვს, რომლებიც სიმსივნეს რეალურად კურნავს“, – განაცხადა ადამიამ.
მისი თქმით, საქართველოში მოქმედებს სრულიად უფასო სკრინინგის პროგრამა, რომელიც ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს სკრინინგს მოიცავს.
„პროგრამა თბილისში დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო დანარჩენ ქალაქებში მას ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამა უფასოა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, კვლევები უფასოდ ჩაიტაროს. თუმცა, არის ასაკობრივი შეზღუდვა“, – განაცხადა ადამიამ.
როგორც მან აღნიშნა, არსებობს ასევე ონკოლოგიის მკურნალობის პროგრამებიც.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მიზნობრივი ჯგუფებისთვის შესაბამისი მოცულობით მოიცავს როგორც ოპერაციებს, ასევე – ქიმიო თერაპიას, ფორმონო თერაპიას, სხივურ თერაპიას და დაავადებასთან დაკავშირებულ ყველა დიაგნოსტიკურ კვლევას. 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და შშმ პირებისთვის პროგრამა უფასოა“, – განაცხადა ადამიამ.
ეკატერინე ადამიამ ასევე თქვა, რომ სახელმწიფოში მოქმედებს რეფერალური მომსახურების პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ დაავადებებისთვის, რაც სხვა პროგრამებით გათვალისწინებული არ არის.
„რეფერალური პროგრამა ინდივიდუალურ შემთხვევებს განიხილავს, რომლებიც ინდივიდუალურადაც შეიძლება დაფინანსდეს. განსაკუთრებით, ეს ის შემთხვევებია, რომლებიც საქართველოში არ ტარდება და როცა ბენეფიციარები საქართველოს ფარგლებს გარეთ გადიან, მათ სახელმწიფო გარკვეულ წილობრივ დახმარებას უწევს“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა.