ეგვიპტეში აღმოჩენილი გიგანტური დინოზავრი ევროპისა და აფრიკის უძველეს კავშირზე მიუთითებს
აფრიკაში ერთ დროს ბინადრობდნენ უზარმაზარი, უნიკალური სახეობის დინოზავრები. მაგრამ მეცნიერებმა ძალიან ცოტა რამ იციან, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი, რა მოხდა მათ თავს და როგორ არიან ისინი დაკავშირებული აზიაში აღმოჩენილ დინოზავრებთან.
სწორედ ამიტომ გამოიწვია ეგვიპტეში გაკეთებულმა თვალწარმტაცმა ახალმა აღმოჩენამ პალეონტოლოგთა აღფრთოვანება.
საჰარის უდაბნოს ეგვიპტის მონაკვეთში, მანსურის უნივერისტეტის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის პროექტის მიერ ორგანიზებული ექსპედიციის ფარგლებში მიმდინარე გათხრებისას, აღმოაჩინეს ავტობუსის ზომის ზავროპოდის ნამარხი. დინოზავრების ეს ოჯახი მოიცავდა დედამიწაზე ოდესმე არსებულ ისეთ დიდ მონსტრებს, როგორებიც იყვნენ ბრაქიოზავრი და დიპლოდოკი.
ახლად აღმოჩენილ ქმნილებას მათ Mansourasaurus shahinae უწოდეს და ამჟამად აქტიურად სწავლობენ, რათა გაარკვიონ, თუ რატომაა ამ რეგიონში ასე ცოტა დინოზავრის ნამარხი აღმოჩენილი.
„Mansourasaurus shahinae დინოზავრის ახალი, საკვანძო სახეობაა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეგვიპტის და ზოგადად აფრიკის პალეონტოლოგიისათვის“, — ამბობს ფილდის მუზეუმის მკვლევარი ერიკ გორსაკი.
დინოზავრების ეპოქის დასასრულს ხმელეთზე მობინადრე ცხოველთა თვალსაზრისით, აფრიკა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მანსუროზავრი გვეხმარება პასუხი გავცეთ დიდი ხნის მანძილზე არსებულ კითხვებს აფრიკის ნამარხებისა და პალეობიოლოგიის შესახებ — რომელი ცხოველები ბინადრობდნენ იქ და სხვა სახეობის რომელ ცხოველებს ენათესავებოდნენ ყველაზე ახლოს?
მანსუროზავრი დაახლოებით 80 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. ახლად აღმოჩენილი ნამარხი ეგზემპლარის ზომა 8-10 მეტრი უნდა ყოფილიყო — დაახლოებით ლონდონის ავტობუსის ზომის, წონით კი აფრიკულ სპილოზე მეტი.
როგორც ნამარხიდან ირკვევა, ის გრძელკისერა ბალახისმჭამელი ყოფილა, კანზე კი აქა-იქ უნდა ჰქონოდა ძვლოვანი ფირფიტები.
აფრიკაში ნამარხებს იშვიათად პოულობენ, რადგან გვიანი ცარცული პერიოდის (100-66 მლნ წლის წინ) მრავალი ნაშთი ჩარჩენილია მცენარეოლობით დაფარული მიწის ქვეშ და მოშიშვლებული არაა კლდოვან ქანებში, სადაც მათი აღმოჩენა გაციელბი ადვილი იქნებოდა.
სწორედ ამიტომ არის ეს აღმოჩენა ამაღელვებელი. მანსუროზავრის ძვლები საოცრად კარგადაა შემონახული; მათ შორის არის თავის ქალის, ქვედა ყბის, კისრის, ხერხემლის, ნეკნების, მხრებისა და წინა კუდირების ნაწილები. ასევე შემორჩენილია უკანა ფეხებისა და კანის ძვლოვანი ფილების დიდი ნაწილი.
„ყბა ჩამომივარდა, როდესაც პირველად ვიხილე ნამარხის ფოტოები“, — ამბობს კარნეგის ბუნების ისტორიის მუზეუმის მკვლევარი მეტ ლამანა.
„ეს ნამდვილი გრაალის თასი იყო — აფრიკის დინოზავრების ხანის დასასრულის პერიოდის კარგად შემონახული დინოზავრი, რომელსაც ჩვენ, პალეონტოლეგები ძალიან, ძალიან დიდხანს ვეძებდით“.
ეს ინდივიდი მიეკუთვნება ზავროპოდების ჯგუფ ტიტანოზავრებს, რომელიც ვეება მხეცებს აერთიანებდა. მაგალითად, პატაგოტიტანის სიგრძე 37 მეტრი იყო, ზომით კი დაახლოებით არგენტინოზავრის.
მანსუროზავრი შედარებით პატარა იყო, მაგრამ ძვლებში სრულიად სხვა საიდუმლოებებს მალავდა.
გვიანი ცარცული პერიოდის ხანაში, დედამიწა სრულიად სხვანაირი იყო ახლანდელთან შედარებით. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო დაშლა გაერთიანებულმა სუპერკონტინენტმა პანგეამ. პლანეტაზე დრამატული გეოლოგიური ცვლილებები დაიწყო.
ფლორისა და ფაუნის ნამარხები ბრწყინვალე საშუალებაა იმის გასარკვევად, თუ როგორ იყვნენ კონტინენტები შეერთებული. სწორედ ამ საკითხში აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მანსუროზავრის აღმოჩენას.
მანსურის უნივერსიტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მკვლევარმა ჰეშამ სალამმა და მისმა ჯგუფმა ძვლების ანალიზების შედეგად დაასკვნა, რომ ეს დინოზავრი უფრო ახლოს ენათესავებოდა ევროპისა და აზიის ზავროპოდებს, ვიდრე სამხრეთ ამერიკის ან თუნდაც სამხრეთ აფრიკისას.
მკვლევართა თქმით, ეს იმას ამტკიცებს, რომ გვიანდელ ცარცულ პერიოდში სულ მცირე, რამდენიმე დინოზავრი მაინც მოძრაობდა ევროპასა და აფრიკას შორის.
ჩასატარებელია ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო. როცა ერთი დინოზავრი უკვე აღმოჩენილია, არაა გამორიცხული სხვების ნამარხების პოვნაც.
მანსურის უნივერსიტეტის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის ჯგუფი ჩრდილოეთ აფრიკაში ნამარხების ძებნას აგრძელებს.
„ყველაზე ამაღელვებელი ისაა, რომ სამუშაოს ჩვენი ჯგუფი ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს“, — ამბობს სალამი.
„ახლა, როცა ეგვიპტეში უკვე გვყავს კარგად მომზადებული ხერხემლიანთა პალეონტოლოგები და ადვილად ვწვდებით ნამარხთა მნიშვნელოვან ძეგლებს, ვვარაოდობთ, რომ უახლოეს წლებში, აღმოჩენათა ტემპი დაჩქარდება“.
კვლევა ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ohio.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით