ეგეოსის ზღვაში ბერძნული ფრეგატი თურქეთის სამხედრო ხომალდს შეეჯახა და დააზიანა
ეგეოსის ზღვაში ბერძნული ფრეგატი თურქეთის სამხედრო ხომალდს შეეჯახა და დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „გრიქ თაიმსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ინციდენტი გასულ ღამეს მოხდა, რომლის შედეგად თურქულ გემში წყალი შევიდა. ბერძნული გამოცემა წერს, რომ სამხედრო-საზღვაო ძალების გავრცელებულ ფოტომასალაში ბერძნულ ფრეგატს დაზიანებები არ აღენიშნება. ბერძენი სამხედრო ჟურნალისტის, იოანის ნიკიტასის განცხადებით, ფრეგატებს შორის შეჯახების შედეგად თურქული გემი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ბერძნული მედია წერს, რომ ინციდენტის შემდეგ თურქეთის მკვლევარმა გემმა, „ორუჯ რეისმა“ საბერძნეთის კონტინენტური შელფი დატოვა და კვიპროსის კონტინენტურ შელფზე შევიდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ნახშირწყალბადების ძებნის ოპერაცია დაიწყო. საბერძნეთი თურქეთს სუვერენიტეტის შელახვაში სდებს ბრალს.