ამერიკელმა მეზღვაურებმა თურქულ ხომალდზე მყოფი მოქალაქეები გადაარჩინეს
ამერიკელმა მეზღვაურებმა თურქულ ხომალდზე მყოფი მოქალაქეები გადაარჩინეს

ამერიკელმა მეზღვაურებმა მარმარილოს ზღვაში მცურავი თურქული ხომალდის ბორტზე მყოფი მოქალაქეები გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის მეექვსე ფლოტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინციდენტი 3 მარტს მოხდა, როდესაც ამერიკული სამხედრო ხომალდი (USS Ross) შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში მიცურავდა.

„ამერიკელმა მეზღვაურებმა მარმარილოს ზღვაში მცირე ზომის ცეცხლმოკიდებული ხომალდი შენიშნეს. სამაშველო ოპერაციის შედეგად, ამერიკელმა მეზღვაურებმა სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მათ ასევე მიაკვლიეს ორი მეზღვაურის ცხედარს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის მეექვსე ფლოტის ინფორმაციით, გადარჩენილები თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ხმელეთზე გადაიყვანა.